თასის ნახევარფინალის ამ მატჩს ურთულესი მეტეოროლოგიური პირობები დაერთო, ოღონდ, ამან თამაშისადმი ინტერესი ვერ გაანელა. გადაუღებელი წვიმის, ძლიერი ქარის და სუსხის მიუხედავად, „ჩიხურას“ გასამხნევებლად საკმარისი აუდიტორია შეიკრიბა. როგორც იცით, საჩხერული გუნდი თავის ისტორიაში პირველად მოხვდა თასის გათამაშების ამ ეტაპზე და დამსახურებულადაც. ნასევარფინალამდე, საჩხერელებმა ექვსივე თამაში მოიგეს, თანაც ბურთების საუცხოო შეფარდებით - 20:1. რთულად, მაგრამ ასევე დამსახურებულად უწია ნახევარფინალს „სიონმაც“, რომელმაც მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში თითქმის შეუძლებელი შეძლო და ყველასთვის მოულოდნელად, გზიდან „ტორპედო“ ჩამოიცილა. ჩემპიონატში არასტაბილური თამაშისის მიუხედავად, ბოლნისელთა შესაძლებლობების შეუფასებლობა არ იქნებოდა და „ჩიხურაც“ სწორედ ასეთი განწყობით გავიდა სათამაშოდ.
მასპინძლებმა პირველი სახიფათო იერიში მე-7 წუთზე განახორციელეს, რომლის შედეგად, ბესიკ დეკანოიძე მეტად ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, დაახლოებით 15 მეტრიდან კარისკენ დროულადაც დაარტყა, მაგრამ მინდია ბობღიაშვილმა ნახტომში კუთხურზე გადააგდო ბურთი. ვალში არც სტუმრები დარჩენილან. მალევე, ისინიც გადავიდნენ შეტევაზე, ირაკლი კლიმიაშვილმა მარცხნიდან კარგი გადაცემა გააკეთა გიორგი მანწკავას მისამართით, ამანაც, საშუალო მანძილიდან, უმალ კარში დაარტყა - გიორგი სომხიშვილი სანაქებოდ გაისარჯა.
ამის შემდეგ, ,,ჩიხურას“ უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძლები მყარად დაეუფლნენ მოედნის ცენტრს, საიდანაც იერიშებს სხვადასხვა მიმართულებით ავითარებდნენ. მე-17 წუთზე, საჩხერელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს. დათო კირკიტაძემ სეხნია ბოქლვაძესთან გაითამაშა ბურთი და საჯარიმოსკენ გაიჭრა, ბოლქვაძემ სწორედ კირკიტაძისკენ გაგზანვა ბურთი, რომელზეც რევაზ ქემოკლიძემ აშკარად ხელით ითამაშა და არბიტრმა ,,სიონი“ 11-მეტრიანით დასაჯა. საჩხერელთა შტატიანმა პენალტისტმა დავით ოდიკაძემ, ბობღიაშვილისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.
მასპინძლებმა მეტოქეს გონს მოსვლაც აღარ აცადეს და 3 წუთში ისევ გაიხარეს გოლით. ბოლნისელებმა საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოs დაარღვიეს თამაშის წესი. სტანდარტულის შესრულება გიორგი რეხვიაშვილმა იკისრა და ჩინებულად გაართვა თავი საქმეს. მართალია, მან არცთუ ძლიერად დაჰკრა დაბალ კუთხეში, მაგრამ ისე გამოზომილად, რომ ბოლნისელთა კიპერის ნახტომი ამაო გამოდგა.
მე-20 წუთისთვის საჩხერელებმა სოლიდური ფორა შეიქმნეს. თამაშის ტემპმა ამის შემდეგ საგრძნობლად იკლო და პირველი ნახევარის დასრულებამდე, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა.
მე-2 ტაიმი კი ბოლნისელთა აქტიური მოქმედებებით დაიწყო. თამაშის განახლებისთანავე, რევაზ ქემოკლიძე ჩაერთო შეტევაში და მის დაგვირგვინებას შეეცადა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მცირე მანძილით ააცილა მიზანს. 49-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ზაალ ელიავას დარტყმულმა, ,,ჩიხურას“ კარის ჯვარედინს ახლოს ჩაუქროლა. მალევე, გიორგი ცხადაიამ ახლოდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან დაურტყა გიორგი სომხიშვილს, რომელსაც სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და საფრთხის არიდება არ გასჭირვებია. მერე, ,,ჩიხურას“ კარის დარაჯი, პაველ პაიდუჩევის დარტყმულსაც დინჯად დაეუფლა.
მატჩის ბოლო ათწუთეული კი ,,ჩიხურასი“ იყო. მასპინძლებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გაზრდის შანსი. ორივე შემთხვევაში, მოვლენათა ეპიცენტრში რევაზ გოცირიძე აღმოჩნდა. ჯერ იყო და, ნიკო კვასხვაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთი ბოლნისელ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა; ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში, გოცირიძის სახიფათოდ დარტყმულს, თავგანწირით, უკვე ,,სიონის“ კაპიტანი გადაეღობა.
არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ,,სიონმა“ იძალა და ერთი იერიშიც მიიტანა მეტოქის კარზე, მაგრამ სომხიშვილი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ქემოკლიძის დარტყმული გააუვნებლა.
არმაზ ჯელაძე: ,,გაცნობიერებული გვქონდა, რომ აქ მძიმე თამაში გველოდა და შეძლებისდაგვარად ვემზადეთ თამაშისთვის. სამწუხაროდ, ძალიან მალე გავუშვით 2 ბურთი, თანაც ორივე სტანდარტული სიტუაციიდან. მიუხედავად მარცხისა, ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. მათ ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლეს. რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საპასუხო შეხვედრისათვის, 2:0 ,,ჩიხურას“ დიდ უპირატესობას აძლევს, ამ ანგარიშის გაბათილება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ფინალში გასვლის იმედი გადაწურული არ არის, ასე რომ, ყველაფერი მეორე თამაშში გადაწყდება“.
სოსო ფრუიძე: ,,თასის თამაშები არასდროს არის იოლი, რა ძალის მეტოქესაც უნდა ხვდებოდე, მით უმეტეს, ნახევარფინალურ სტადიაზე. კარგი იქნებოდა, თამაშის მსვლელობისას შექმნილი საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ორბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ. ეს არცთუ მცირე ფორაა საპასუხო მატჩისათვის, მაგრამ დამშვიდებას ნამდვილად ვერ მივეცემით. საბოლოო წარმატების მისაღწევად, ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა გვმართებს.“
„ჩიხურა“(საჩხერე) - ,,სიონი“(ბოლნისი) – 2:0 (2:0)
საჩხერე. ივანწმინდის სტადიონი. 23 აპრილი. 16 საათი. 500 მაყურებელი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/2 ფინალი. 1 მატჩი
„ჩიხურა“; სომხიშვილი(კ), ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, ბოლქვაძე, დეკანოიძე, კირკიტაძე(გოცირიძე, 74), ნ. კვასხვაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
„სიონი“: ბობღიაშვილი, ქემოკლიძე, სვანიძე(კ), უგრეხელიძე, ორბელაძე, კლიმიაშვილი, ბიბილეიშვილი(ელიავა, 46), ჰაიდუჩეკი, ახალაია(მიკუჩაძე, 80), ცხადაია, მანწკავა (ლექვთაძე, 70)
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლი: 1:0 ოდიკაძე(17 პენ.), 2:0 რეხვიაშვილი (20)
გაფრთხილება: ჰაიდუჩეკი(7), ქემოკლიძე(28), ლომაშვილი(48), ახალაია(76), საჯაია(84), ბოლქვაძე(87)
მსაჯები: თ.გვანცელაძე, ლ.თოდრია, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი, ბ.ნინუა, ხ.გაგნიძე
ავტორის ფოტოები