ლატვიაში დაუგავპილსის “დაუგავამ” შინ 5:3 სძლია “ლიეპაიას” და მეორე ადგილზეა. გამარჯვებულთაგან დუბლი მიითვალა გიორგი ჩიხრაძემ. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ორივე გოლი პენალტით გაიტანა. ჩიხრაძემ და გიორგი ხუმარაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, მათი თანაგუნდელები, ბიძინა ცინცაძე და ჯემალ ჯალიაშვილი მინდორზე არ გამოჩენილან.
რუსეთში აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” შინ 2:0 სძლია “როტორს”. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა. როგორც იცით, “მორდოვიამ” პრემიერლიგის საგზური წინა ტურში გაინაღდა, თუმცა დარჩება თუ არა აკაკი ამ გუნდში, ჯერ უცნობია. მას სხვა ქვეყნებიდანაც აქვს წინადადებები, მათ შორის, თურქეთიდან.
ნალჩიკის “სპარტაკმა” შინ “უფასთან” 0:0 ითამაშა. დავით სირაძე სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუჯა რუხაია 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ნალჩიკელები მე-12 ადგილზე არიან.