მიმდინარე სეზონის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” აუტსაიდერობისთვის განწირულად მიიჩნევდნენ. გუნდმა “სულწასულ” ექსპერტთა მოლოდინი საბოლოო ჯამში გაამტყუნა, თუმცა, დასაწყისი ისეთი ჰქონდათ (ზედიზედ 3 მარცხი), ბევრი “ხელებს იფშვნეტდა” - პროგნოზები გამართლდაო. მოგვიანებით, სამტრედიელებმა ჩემპიონთა რისხვის რეპუტაცია დამსახურებულად მიითვისეს. თავად განსაჯეთ, გასულ შემოდგომაზე “ეროსი მანჯგალაძიდან” ზედიზედ ორი ნაჩემპიონარი თბილისური გუნდი წავიდა ქულანაკლული - “დინამო” (1:3) და “ვიტ ჯორჯია” (2:2). ამ უკანასკნელებს სულაც სამტრედიული სინდრომი ჩამოუყალიბდათ - გუნდმა ვერც მე-3 წრის მატჩი (1:1) მოუგო ანჯაფარიძე-მესიაჩენკოს დუეტის გაწვრთნილებს და ვერც მეოთხისა (0:1).
ეს ბოლო შეხვედრა იმერეთში გასულ შაბათს შედგა. ჩვენი შეფასებით, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვაკო ტყემალაძე გახლდათ, რომელმაც მასზე გაცილებით ტანმაღალ მცველებს, პრაქტიკულად, ყველა საჰაერო დუელი მოუგო. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი (მას სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი) ქვედა სართულზე ორთაბრძოლებშიც არ ეპუებოდა გამოცდილ თბილისელებს და მეტწილად, მისმა ასეთმა გარჯამ განაპირობა ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის რანგში მოთამაშე “ვეტერინარების” მარცხი.
“მსოფლიო სპორტმა” რესპოდენტთან საუბარი მის მიერ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგამდე განვლილი გზის გახსენებით დაიწყო.
ვაკო ტყემალაძე: - ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, თბილისში, სპორტსკოლა “მართვეში” დავიწყე. აქედან მოვხვდი უმაღლეს ლიგაში მოთამაშე “მერანი-91”-ის ბავშვთა გუნდში. შემდეგ იყო “ვიტ ჯორჯიას” 15-16-წლიანები - იმ წელს (2004) დიდი გუნდიც საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩვენიც. მერე ცოტა ხანი უკრაინის პირველ ლიგაში მოასპარეზე ხარკოვის “არსენალში” ვიყავი, ორიოდე თვე კიევის “დინამოს” დუბლებში ვირიცხებოდი, მაგრამ უკან გამობრუნება მომიწია.
2005 წელს რეალური ვარიანტი იყო ერთ-ერთ ირანულ კლუბთან გამეფორმებინა კონტრაქტი, მაგრამ ჩემი მენეჯერი ფინანსურ მხარეზე ვერ შეუთანხმდა სპარსელებს და საქართველოში დავბრუნდი. აქ დავიწყე თამაში პირველი ლიგის ჭიათურის “მაღაროელში”, სადაც 2 სრული წლის გატარების შემდეგ (53 მატჩში 12 გოლი - ფ.კ.) სერიოზული ტრავმა მივიღე და ოპერაციის გაკეთების გამო, დაახლოებით, 9 თვე გამიცდა. ჩემი ტრავმის პერიოდში, გუნდმა, “გაგრასთან” ფლეი ოფის მოგების შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა (2008), მაგრამ ლიცენზიის მიუღებლობის გამო, ჩვენ ისევ პირველში დავრჩით.
- ირანში როგორღა მოხვდი?
- იქიდან თეირანელი ქართველი იბრაგიმ ხატიაშვილი დამიკავშირდა. დაახლოებით, ორთვიანი სატელეფონო მოლაპარაკების შემდეგ, ირანში ჩავედი. სინჯები სამ გუნდში გავიარე, მაგრამ უკან გამობრუნება გადავწყვიტე. მენეჯერი მყავდა ისეთი, რომელსაც არ ვიცნობდი. საბოლოოდ, როცა ვიზის ვადა ამომეწურა, მის გაგრძელებაზე (იმის მიუხედავად, რომ ხატიაშვილის თქმით, ის მენეჯერი ვიზის გაგრძელებას მთავაზობდა), აღარ მიზრუნია. ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი კი, ჩემთვის უცხო, იქაური ცხოვრების ადათ-წესები იყო.
- მწვრთნელები ფორვარდის უკან მოთამაშე ნახევარმცველის ამპლუაში გათამაშებენ.
- ეს გუნდს როგორ დასჭირდება - ყოფილა შემთხვევა, მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად მითამაშია. თუმცა, ჩემი ძირითადი პოზიცია საყრდენი ნახევარმცველობაა.
- თითქოს, “სამტრედიას”, თავიდანვე, ყველა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ გუნდად მიიჩნევდა. რეალურად კი, თქვენი გუნდი საკმაოდ მოძლიერებულ საშუალო გუნდად ჩამოყალიბდა.
- ბევრს მართლაც ასე ეგონა, რომ ჩვენ, როგორც გადმოვედით უმაღლეს ლიგაში, ისევე დავბრუნდებოდით უკან. თუმცა, როგორც სინამდვილეში გამოჩნდა, ხელწამოსაკრავი გუნდი არა ვართ და ნებისმიერი მეტოქისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. მიზეზი, ჩემი აზრით, იმ კოლექტივშია, რომელიც კლუბშია ჩამოყალიბებული. მშვენიერი მწვრთნელები გვყავს, აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტზე - უაღრესად განათლებულ პიროვნებაზე. კარგად შეკრული გუნდი ვართ. იმის ფონზე, რომ 6-7 ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, როგორც “ვიტ ჯორჯიასთან” თამაშმა გამოაჩინა, ყველასთვის შეგვიძლია პრობლემების შექმნა.
- ტექნიკურად უკეთ მომზადებულ მეტოქესთან, ისეთ ამინდში უფრო შეიძლებოდა წარმატებაზე ფიქრი, როგორიც შაბათს სამტრედიაში იყო.
- გეთანხმებით, გადაუღებელი წვიმით დამძიმებულ გრუნტზე უკეთესი ფიზიკური კონდიციებით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. ჩემი აზრით, ფორტუნაც ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ მონდომების გარეშე, ვერც იღბალი გვიშველიდა რამეს.
- “სამტრედიას” ქულათა საკმაო მარაგი აქვს, რომ ლიგიდან დაქვეითებაზე აღარ იფიქროს.
- რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დარჩენილ ტურებში, ქულებში მოპოვებული უპირატესობა დავკარგოთ. ჩვენი გუნდი კიდევ არა ერთ საინტერესო თამაშს აჩვენებს. მასთან არც ლიდერებს ექნებათ იოლი “გასეირნება” და არც აუტსაიდერებს.
- როგორც ვიცით, სეზონის ბოლოს კონტრაქტი გიმთავრდება და ისევ უცხოეთისკენ ხომ არ გაქვთ გეზი?
- არ ვიცი, რაღაც ვარიანტები მართლაც არის, მაგრამ კონკრეტულად საუბარი ჯერ ადრეა. ჯერჯერობით, ლაპარაკის დონეზეა ყველაფერი და ვნახოთ, რა იქნება.
- რა არის ვაკო ტყემალაძის ძლიერი მხარე საფეხბურთო მოედანზე?
- საკუთარ თავზე საუბარი ცოტა ძნელია. ალბათ, მაინც, ძალისმიერ სტილში თამაშით და სისწრაფით ვახერხებ ფონს გასვლას. მგონი, არც მაღალი ტრაექტორიის ბურთზე ბრძოლა მიჭირს.
- ვაკო, ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ ჭიათურაში თამაშისას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყავით მიწვეული.
- იმ დროს, ევროპისთვის ემზადებოდა გუნდი. ჰაინც ტოპმიოლერმა ზესტაფონში მნახა ჩემპიონატის თამაშზე (2006 წლის გაზაფხული) და მაშინ გამომიძახა. ორმხრივ თამაშში გოლი გავიტანე, პასპორტიც მომთხოვეს და თითქმის გადაწყვეტილი იყო ჩემი ნაკრებთან ერთად წასვლა, გაუგებრობის გამო, შინ დავრჩი. როგორც ფედერაციაში მითხრეს, ერთი დღე დამიგვიანდა პასპორტის მიტანა - უკვე გაგზავნილია ყველა საბუთი სასტუმროს დასაჯავშნადო და უკან გამომიშვეს.
- მოდით, ჩემპიონატზე “სამტრედიის” მიერ შესრულებულ და შეუსრულებელ გეგმებზე საუბრით დავასრულოთ.
- “სამტრედიას” ახლა ის ადგილი უკავია, რასაც იმსახურებს - ერთი ადგილით ზემოთ, ერთით ქვემოთ დიდ ცვლილებას არ შეიტანს გუნდის რეალური ძალის შეფასებაში. ყოველ შემთხვევაში, იმ ფულით, რაც კლუბის წლევანდელ ბიუჯეტს შეადგენს, ხელმძღვანელობას პრეტენზიების გამოთქმის საბაბი არ უნდა ჰქონდეს.
ფრიდონ კერვალიშვილი







