ფეხბურთი

15:53 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა მინდვრებმა ჩემპიონთა ლიგის თამაშებს უმასპინძლა. ფეხბურთის მოყვარულთა ხანგრძლივი ლოდინი დღეს, მანჩესტერსა და ლევერკუზენში გასამართი მატჩებით დასრულდება.

უფრო დიდ ყურადღებას “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება იქცევს, რადგან “ლევერკუზენი”-პსჟ-ს წყვილს, პარიზული გუნდის სახით, გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს.

 

სიტი-ბარსელონა

ეს გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს ცუდად იცნობენ. მანჩესტერულ გუნდში 4 ესპანელი ფეხბურთელი (ალვარო ნეგრედო, ხესუს ნავასი, დავიდ სილვა და ხავი გარსია) თამაშობს. “ბარსელონას” ამ ოთხეულზე კარგად იცნობს იაია ტურე, რომელიც კატალონიურ კლუბში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. ესპანეთში მუშაობის დროს, “ბარსელონას” არაერთხელ დაუპირისპირდა “ქალაქელთა” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. რაც შეეხება “სიტის” სპორტულ დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს, ის ამ თანამდებობაზე “ბარსელონაშიც” მუშაობდა, ხოლო მანამდე, კატალონიელთა მაისურით 7 წლის განმავლობაში თამაშობდა.

ოფიციალურ თამაშებში არა, მაგრამ გუდნები ერთმანეთს ამხანაგურად ხუთჯერ შეხვედრიან. პირველი 3 დაპირისპირება “ბარსამ” მოიგო (5:1, 3:2 და 3:2). შემდეგ, ძირითადი და დამატებითი დროის 1:1 დასრულებას “სიტის” ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანებში გამარჯვება მოაყოლეს. ეს ყველაფერი მე-21 საუკუნეში მოხდა. 2003 და 2009 წლებში, მანჩესტერელებმა “ბარსას” ჯერ 2:1, შემდეგ კი 1:0 მოუგეს.

2003 წელს, “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჩავი და პუიოლი, ხოლო ინიესტა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

2009 წელს გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში იაია ტურე “ბარსელონაში” თამაშობდა. მან იმ მატჩის პირველი ტაიმი მოედანზე დაჰყო. 5 წლის შემდეგ კვლავ “ბარსელონაში” თამაშობენ პინტო, მონტოია, ალვესი, პუიოლი, ბარტრა, პიკე, ბუსკეტსი, ჯონათან დოს სანტოსი, პედრო და მესი. “სიტის” შემადგენლობას, იმ თამაშში მონაწილე ფეხბურთელთაგან მხოლოდ პაბლო საბალეტა შემორჩა.

“სიტის”, ოფიციალურ მატჩში, ესპანური გუნდის წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია. მანჩესტერელებს 3-3 მოგება, ფრე და წაგება აქვთ. ბურთების შეფარდება – 18:15. “ქალაქელებმა”, საკუთარ კედლებში, 4 თამაშიდან 2 მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს.

ბევრად დიდი ისტორია აქვს “ბარსელონასა” და ინგლისური გუნდების დაპირსიპირებას. ჩატარებული 60 თამაშიდან 24 კატალონიელებმა მოიგეს, 17 ინგლისელებმა, ხოლო 19 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 98:73, “ბარსას” სასარგებლოდ. “ბარსელონა” ინგლისელებს სტუმრის სტატუსით 27-ჯერ დაუპირისპირდა და 6-ჯერ მოიგო, 8-ჯერ ფრედ ითამაშა და 13-ჯერ წააგო.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა იოლად დასძლია. “მანჩესტერ სიტიმ” “პლზენსა” და მოსკოვის ცსკა-ს აჯობა. პელეგრინის შეგირდები პირველ ადგილზე გასულ “ბაიერნს” მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში არსებული ბურთების უარყოფითი ბალანსის გამო ჩამორჩნენ. “ბარსელონამ” კი, “მილანის”, “აიაქსისა” და “სელტიკის” ჯგუფში პირველი ადგილი იოლად მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში, შიდა ასაპრეზზე, ორივე გუნდი რთულ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩართული. პრემიერლიგაში მე-3 ადგილზე მყოფი “სიტი”, რომელმაც ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო, ლიდერ “ჩელსის” 3 ქულით ჩამორჩება. კიდევ უფრო დაძაბული სიტუაციაა ლა ლიგაში. ბოლო 2 თამაშის დიდი სხვაობით მომგები “ბარსელონა” მადრიდულ გუნდებთან, “რეალთან” და “ატლეტიკოსთან” პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

“სიტი” მეტოქეს სერიოზული დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიცირებულია ჯეიმს მილნერი. დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ მატია ნასტასიჩი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუერო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფერნანდინიოს საკითხიც, რომელიც პელეგრინის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. თუ ფერნანდინიომ ითამაშა, პაბლო საბალეტას მსგავსად, მასაც ფრთხილად მოქმედება მოუწევს, რადგან ეს მოთამაშეები დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.

თუ დიდი ხნის მივიწყებულ ჯონათან დოს სანტოსსა და ისააკ კუენკას არ ჩავთვლით, “ბარსელონა” დღევანდელ მატჩს უდანაკარგოდ ხვდება. ბოლო დღეებში, მცირე ტრავმა აწუხებდა ხავიერ მასკერანოს, მაგრამ მას მაინც სასტარტო შემადგენლობაში ელიან. კატალონიელთა მხრიდან არც ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვა ემუქრება ვინმეს.

შეხვედრის მთავარ არბიტრად UEFA-მ შვედი იონას ერიკსონი მიავლინა. 39 წლის მსაჯს “ბარსელონას” თამაშში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელებმა ყაზანის “რუბინი” 2:0 დაამარცხეს. 2012 წელს, იმავე ტურნირის მეოთხედფინალში, “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. “სიტის” შეხვედრაში ერიკსენს ერთხელ უმსაჯია. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ქალაქელები” “ნაპოლის” შინ დაუზავდნენ, ანგარიშით 1:1.

  • “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველად გავიდა;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მეათედ თამაშობს;
  • “სიტიმ”, ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 23 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბარსელონას” მანჩესტერში არასდროს მოუგია. კატალონიელებმა 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს;
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • ესპანეთში მუშაობის დროს, მანუელ პელეგრინი “ბარსელონას” 22-ჯერ დაუპირისპირდა. ჩილელმა სპეციალისტმა ოთხ-ოთხჯერ მოიგო და ფრედ ითამაშა, ხოლო 14-ჯერ წააგო;
  • “სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე, 2007-2010 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 117 თამაში ჩაატარა;
  • პაბლო საბალეტა, “ესპანიოლში” თამაშის დროს, “ბარსელონას” 4-ჯერ დაუპირისპირდა. 2 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ჯერ “ბარსამ” მოიგო;
  • 2006-2011 წლებში, “ატლეტიკოში” თამაშის დროს, სერხიო აგუერომ “ბარსელონას” 10 თამაშში 5 გოლი გაუტანა;
  • “არსენალში” თამაშის დროს, სესკ ფაბრეგასი “სიტის” 13-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდმა 9-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და 2-ჯერ წააგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში სერხიო აგუერომ 8 გოლი გაიტანა;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “ბარსელონა” ევროტურნირებზე მე-100 ფრეს ითამაშებს;
  • “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, მიმდინარე სეზონში, 4812 გადაცემა გააკეთეს, რომელთაგან 4125 ზუსტი გამოდგა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა. ფეხბურთელებს შორის ლიდერი ჩავი ერნანდესია, რომლის 650 პასიდან 596 ზუსტი იყო;
  • ლიონელ მესიმ, 2014 წელს ჩატარებულ 12 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ორივე ეს შედეგი ეროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესოა;
  • “სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაში მოიგო;
  • “სიტის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში 2 გოლზე მეტი გადიოდა, ხოლო “ქალაქელებს” უკანასკნელ 3 თამაშში მინიმუმ 3 ბურთი გაჰქონდათ. ამ 3 თამაშში, “სიტი” 2-2 გოლს უშვებდა;
  • “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 3 შეხვედრაში 2 გოლზე მეტი გადიოდა.

სავარაუდო შემადგელობები

სიტი (4-2-2-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში, დემიკელისი, ტურე, ნასრი, სილვა, იოვეტიჩი, ნეგრედო.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პუიოლი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, პედრო.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

 

ლევერკუზენი-პსჟ

როგორც აღვნიშნეთ, ამ წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი “პარი სენ ჟერმენია”, მაგრამ “ლევერკუზენი” მრისხანე თავდასხმის მქონე პარიზელებისთვის წინააღმდეგობის პირველ მატჩში მაინც გაწევას აუცილებლად შეეცდება.

გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, მაგრამ “ლევერკუზენს” საფრანგეთის წარმომადგენლებთან 11-ჯერ უთამაშია. გერმანულმა გუნდმა 5-ჯერ მოიგო, ხოლო სამ-სამჯერ ფრედ ითამაშა და წააგო. ბურთების შეფარდება – 17:14. საკუთარ კედლებში “ლევერკუზენს” 4 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა.

ასევე 11-ჯერ შეხვედრია გერმანულ გუნდებს პსჟ. პარიზელებმა 6-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ თამაში ფრედ დაასრულეს და 3-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება – 15:13. გერმანიაში გამართული 6 შეხვედრიდან ფრანგულმა გუნდმა 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 3 დათმო.

“ლევერკუზენი”, გერმანიის ჩემპიონატში, ბოლო დროს, ცუდად გამოიყურება. სამი ჰიიპიას შეგირდებმა ბოლო 6 თამაშიდან 4 წააგეს, აქედან 2 საკუთარ კედლებში. ამას გერმანიის თასიდან გამოვარდნაც ემატება.

მეტოქისგან განსხვავებით, შიდა ასპარეზზე საქმეები კარგად მისდის პსჟ-ს. მიუხედავად იმისა, რომ ლორან ბლანის შეგირდებმა ბოლო 4 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულეს, გუნდი გათამაშებას მაინც 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმირებული ერენ დერდიუკი და დისკვალიფიცირებული ემრე ჯანი არ ეყოლებათ. საეჭვოა ემირ სპაჰიჩისა და შტეფან რაინარტცის თამაშიც. დისკვალიფიკაციის ზღვარზეა ლარს ბენდერი.

“პარი სენ ჟერმენს” ტრავმირებული კრისტოფ ჟალეს, ზუმანა კამარასა და ედინსონ კავანის გარეშე თამაში მოუწევს.

შეხვედრას უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის. “ლევერკუზენის” მატჩში მას ერთხელ უმსაჯია. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გერმანელებმა “ჩელსი” 2:1 დაამარცხეს. პსჟ-ს მონაწილეობით გამართულ თამაშში კაშაის არასდროს უმსაჯია.

  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “ლევერკუზენის” საჩემპიონთალიგო განაცხადს ანდრეს გუარდარო და ჟულიან ბრანდტი დაემატნენ, ხოლო დომინიკ კორი, მალკოლმ კაკუტალუა და რობი კრუზე გამოაკლდნენ;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 5 მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 8 გოლი გაიტანა;
  • კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 27 თამაშში იბრაჰიმოვიჩმა 33 გოლი გაიტანა;
  • “პარი სენ ჟერმენს”, ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 99 გოლი აქვს გატანილი;
  • პსჟ-ს ფეხბურთელებმა, მიმდინარე გათამაშებაში, 4548 პასი გააკეთეს, აქედან 3843 ზუსტად. ორივე ამ მაჩვენებლით ისინი მხოლოდ “ბარსელონას” ჩამორჩებიან;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, პსჟ-ს საჩემპიონთალიგო განაცხადს იოან კაბაიე დაემატა და კალიფა ტრაორე გამოაკლდა;
  • პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 გასვლით თამაშში 5 მოგება აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, ვოლშაიდი, გუარდადო, ბენდერი, როლფესი, კასტრო, სამი, კისლინგი, სონი.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, სილვა, მაქსველი, მატუიდი, მოტა, ვერატი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

0.196259