შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატზე, სადაც ოთხი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს, კიდევ ორი ტური მიილია.
გოგონათა ტურნირში სოფიკო გურამიშვილი (2343) შვეიცარიელ მონიკა სეპსს (2184) დაუზავდა, შემდეგ კი გერმანელ იუდიტ ფუხსს (2237) სძლია და თავი 4.5 ქულას მოუყარა.
6 ტურის თავზე ლიდერი სერბი ლილია დრლევიჩი (2273) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.0 ქულა გახლავთ. მე-7 ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება, გურამიშვილი თეთრი ფიგურებით სწორედ დრლევიჩს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.
ლიდერებთან ახლოს იმყოფება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე თამარ წერეთელი (2384). მას 4.0 ქულით მე-5 ადგილი უკავია. წერეთელმა გასული ოთხი პარტია ყაიმით დაასრულა, მათ შორის ბოლო ორი რუს ზოია სევერიუხინასთან (2313) და აშშ-ს სახელით მოთამაშე ალისა მელიოხინასთან (2273).
მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით მონღოლ დულამსურენ იანინდულამს (2212) დაუპირისპირდება.
ვაჟთა ტურნირში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი დავით ბენიძეს (2504) აქვს, რომელიც 4.5 ქულით მე-4 პოზიციაზეა. გასულ ტურებში დავითმა ჯერ ჰოლანდიელ როელანდ პრუისერსს (2483) მოუგო, შემდეგ კი ებრაელ ილია ხმელნიკერს (2483) დაუზავდა.
ბენიძის შემდეგი მოწინააღმდეგე სერბი დუშან პოპოვიჩი (2565) იქნება, რომლის აქტივშიც 4.0 ქულაა. ასევე 4.0 ქულით მე-15 საფეხურზე იმყოფება მალხაზ სულაშვილი (2500), რომელმაც ჰოლანდიელი სტეფან კუიპერსის (2370) დამარცხების შემდეგ, ყაიმი ირანელ პეიმან მოჰაჯერინთან (2366) გააფორმა. სულაშვილის მომდევნო მეტოქე რუსი პაველ პონკრატოვია (2592).
მსოფლიოს ჩემპიონატის სათავეში ჩინელი იუე ვანგი (2732) იმყოფება, რომელსაც ახალგაზრდული ტურნირისთვის სუპერრეიტინგი გააჩნია. მან ერთადერთი პარტია დაასრულა ყაიმით, დანარჩენ ხუთში კი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის ბენიძესთანაც, რომელსაც მე-3 ტურში შავი ფიგურებით აჯობა.
უნივერსიადაზე სულ 9 ტური უნდა გაიმართოს და ის 11 სექტემბერს დასრულდება.







