ჩოგბურთი

14:05 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ბელგიელით იწყებს, პირველ ნომრად განთესილი - ყაზახით

უიმბლდონ2014-ზე საასპარეზო ბადე შედგა და ტურნირის ფავორიტებმა თავიანთი სასტარტო მოწინააღმდეგეების ვინაობაც შეიტყვეს. მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეი ტიტულის დაცვას ბელგიელ დავიდ გოფინთან მატჩით დაიწყებს.

უიმბლდონზე განთესვის საკუთარი მეთოდი აქვთ (მხედველობაში უპირველესად წინა წლებში უიმბლდონსა და ბალახის საფარიან კორტზე მიღწეული შედეგი მიიღება) და წლეულს პირველ ნომრად განთესილი შარშანდელი ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. “ნოლეს” პირველ მეტოქედ ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ანდრეი გოლუბევი ერგო.

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონს, მეორე ნომრად განთესილ რაფა ნადალს სლოვაკ მარტინ კლიჟანთან მოუწევს სასტარტო დაპირისპირება. კლიჟანი უიმბლდონზე მეორე წრეს არასდროს გასცილებია.

მეოთხე ნომერს, 32 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კენჭისყრამ თანატოლ იტალიელთან პაოლო ლორენცისთან შეახვედრა. გამოცდილი აპენინელი უიმბლდონზე კარგი გამოსვლით ვერ დაიკვეხნის - ლორენცის საწყისი ეტაპის ბარიერი არასდროს გადაულახავს.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა ერთეულთა უიმბლდონის შარშანდელ ფინალში შოტლანდიელმა ენდი მარეიმ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:4, 7:5, 6:4 მოუგო.

0.113869