ნიუ იორკში 86 წლის წინათ დამყარებული რეკორდი დაემხო. მისმა უდიდებულესობა ბუნებამ ქუდი მოიშვლიპა, ცას პირი მოხსნა და ოქტომბრის ბოლო კვირა ისეთი თოვლით გააცილა, ნოემბერ-დეკემბრამდე საერთოდ რომ არ ენახა ახალი ბაბილონის არცერთ ბოროს. ის კი არა, ნიუ იორკის საქალაქო სამსახურების ცნობით, მათთან ოქტომბერში თოვლი, ბოლო 135 წლის განმავლობაში, სულ მეოთხედ მოსულა და წელი 2011 წელი, ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებული გამოდგა.
სხვებზე მეტად ცენტრალ პარკი დაზარალდა - ხეები გადატყდნენ, ათამდე ადამიანი დაშავდა და სულ კი, უსაფრთხოების დაწესებულებებს 700-მდე სატელეფონო ზარი შეუვიდათ - ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ.
ელექტროენერგია ნიუ იორკის 61 000, ხოლო ვესტჩესტერის 16 000 მაცხოვრებელს შეუწყდა, განსაკუთრებით კი, ნიუ ჯერსის შტატის მოქალაქეები დაზარალებულან - როგორ ცხოვრობდა 90-იანი წლების საქართველო, 500 ათასმა ნიუჯერსელმა გამოსცადა და მათ შორის, გუბერნატორმა კრის კრისტიმაც (ალავერდი ქართველ გუბერნატორებთან)...
საერთოდ, სპორტული რეპორტაჟების ამინდზე საუბრით დაწყება, პირველმა, უფროსმა ნოდარ ახალკაცმა დაიწუნა ჩვენში და უნდა ვთქვა, მაინცდამაინც „დონე ტონად“ არც მე მიმაჩნია, მაგრამ რეკორდი ყველგან და ყოველთვის რეკორდია, მასში ყოველთვის დევს სპორტული ინტერესის მარცვალი და სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება მასზე.
ამერიკელთათვის დამახასიათებელი პომპეზურობით, ჟივილ-ხივილითა და საკარნავალე კოსტიუმებით ჩაიარა ჰელოუენის ღამემაც. ქართველების უმრავლესობის მსგავსად, ამ დღესასწაულთან, თქვენს მონა-მორჩილსაც დისტანციური დამოკიდებულება აქვს. რაღაცით ჩვენებურ „არული კუდიანებისა“ და ჭინკების დამაფრთხობელ ჭიაკოკონობას მაგონებს და სულ ეს არის.
როგორც ამერიკული ღონისძიებების დიდი წილი, წლევანდელი ჰელოუენიც შემოსავალ-გასავალის თვალსაზრისით დაახარისხეს და აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული, აწ უკვე გარდაცვლილი ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის პერსონაჟი იყო: ათ დოლარად მისი პარიკი იყიდებოდა, ოცად ლიბიური ტუნიკა და ოცდაათად ერთი გალონი „სისხლი“, რომელსაც მოკარნავალე, სურვილის შემთხვევაში, უბრალო წყლითაც ადვილად ჩამოიბანდა.
გამოითვალეს, რომ ჰელოუენში მონაწილეობს და კოსტუმებში ფულს ხარჯავს ამერიკელების 63 პროცენტი - თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თითოეული მოგიჟმაჟე, საკარნავალე ჯიხურებში, საშუალოდ 40-დან 60 დოლარამდე ტოვებს, საკმაოდ შთამბეჭდავი თანხა იყრის თავს. ამ მხრივ, ქართველები გაცილებით ეკონომიურნი გამოვდივართ - დაანთე გიზგიზა კოცონი და დააფრთხე კუდიანები, რა ფული, რის ხარჯი, დიდი-დიდი კოცონზე გადახტომისას ლაჯები გამოიწვას არასპორტულმა კაცმა...
სხვამხრივ, არცერთი დაგეგმილი ასპარეზობა არ გადადებულა - „მსოფლიო სპორტში“ გამოქვეყნებული პირველი რეპორტაჟის მერე, ორი შინაური შეხვედრის წაგება მოასწრო ყვანჯდანავსულმა „ნიუ იორკ რეინჯერსმა“, ასევე შინ, ჰარისონულ „რედ ბულ არენაზე“, ლოს ანჯელეს „გელექსისთან“ წაიბორძიკა ნიუ იორკელი წითელი ხარების საკრებულომ - ბებერი ხარის რქები კი ძველებურად, მაგრამ ხანგამოშვებითღა ხნავენ და ამჯერად, თავის გუნდს ვერაფრით შეეწია ტიერი ანრი. თავი უფრო მექსიკელმა რაფა მარკესმა გამოიჩინა, ბურთი ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელს, ლენდონ დონოვანს ესროლა და მსაჯს წითელ ბარათს გამორჩა.
დონოვანი, როგორც გამარჯვებულს შეეფერება, შედარებით აკადემიური იყო - საპასუხოდ არც ბურთი, არც თოფი, მხოლოდ მოკლე ფრაზა ისროლა: „ამათგან არაფერი მიკვირს. ეს ბინძური გუნდია. გაიხსენეთ ორი კვირის წინანდელი და ანრის საქციელი.“
რაც შეეხება საკალათბურთო ლიგის ლოკაუტს, „ენ-ბი-ეის“ „გამოღმით შენ ხარ, გაღმით მე“ გრძელდება და ამ ორხმიან გალობას, „გრან-პრის“ სახით, კიდევ ერთი უქმე თვე - ნოემბერი მოჰყვა. სანამ პროფკავშირები და ლიგის ბიუროკრატია „მოლაპარაკებაში მიღწეულ კომპრომისებზე“ ბაასობენ, ლიგის კომისარი შტერნი ბამბის პლანტაციის ზედამხედველს, მოთამაშეები კი მონებს შეადარეს. კალათბურთს, შავკანიანების გარდა, თეთრებიც და აზიელებიც თამაშობენ, მაგრამ რასისტული სცენარი მაინც დაიდგა - რაკიღა, ეს განცხადება ტელეარხ „ეიჩ-ბი-ოუს“ აფროამერიკელმა კომენტატორმა ბრაიან გამბელმა გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, ტელეკომენტატორი „სან ანტონიო სპურზის“ ლეგენდის, დევიდ „ადმირალ“ რობინსონის ძალუმ და ჯანიან მხრებზე მდგარა. „ენ-ბი-ეის“ წინა, 1998 წლის ლოკაუტის დროს, ანნაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულ რობინსონს (აქედან მეტსახელიც - კ.გ.), საზოგადოებისთვის ბიუროკრატების მხარეზე დგომა დაუბრალებია და კალათბურთელები მონებს ვგავართო, დაუჩივლია...
პროფკავშირების ლიდერმა ბილი ჰანტერმა, წარსულის გამოცდილება კი გაითვალისწინა და მოთამაშეებს წინასწარ დაურიგა ინსტრუქცია-ცირკულარი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი, ხალხის გამაღიზიანებელი განცხადებებიდან, მაგრამ...
აფროამერიკელი კომენტატორი არც კალათბურთელია, არც პროფკავშირის წევრი, ამიტომ მურტალოსი არ იყოს, ამბობს იმას „რასაც უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა“...
სხვათა შორის, ეს, ამ ჯეელის პირველი რასისტული გამოხტომა არ გხლებიათ. ამ მხრივ, მას თავი ჯერ კიდევ 2006 წელს, ტურინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას გამოუჩენია, როცა განაცხადა, რომ ოლიმპიადას არ უყურებს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო - მანდ „ძალიან ცოტა შავკანიანები ასპარეზობენო“..,
ეს ამოუჩხრიკეს და დესერტად ერთიც უფეშქაშეს: შავკანიან ცოლს რომ გასცილდი და თეთრი ქალი შეირთე, ეგ ამბავი როგორ მოგივიდაო...
მანამდე, სანამ ბრაიან გამბელმა შტერნი პლანტატორს შეადარა, ტელეკომპანია „იესპიენის“ ეთერით დაანონსდა ინფორმაცია, რომ „მილიონერი და მულტიმილიონერი ბიჭებისგან“ შემდგარი ჯამაათი, საზღვარგარეთული ტურნეს გასამართად ემზადებოდა. ეს ინფორმაცია „მსოფლიო სპორტმაც“ ოპერატიულად მიაწოდა მკითხველს და იმ მოთამაშეთა ვინაობაც დაასახელა, რომელიც ტურნე-შოუში მიიღებდა მონაწილეობას. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქელვინ დარდენია - ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი აფროამერიკელი ბიზნესმენი. კალათბურთელების ქისას კი, საშუალოდ, კაცზე მილიონი დოლარი მიემატება.
საქმოსანის მთავარი მოთხოვნა არ არის უსაშველო და შეუსრულებელი - არენა, სადაც მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავები იკაშკაშებენ, მინიმუმ, 15 ათას მაყურებელს უნდა იტევდეს.
ამასობაში, სიძუნწემ დარია ხელი „ნიუ იორკის მეფედ“ წოდებულ ამარე სტაუდმაიერს. „კნიქსის“ ლიდერი ლოკაუტმა იმდენად დააშინა, რომ ქართველი პარლამენტარების წინასასესიო განცხადებისა არ იყოს, ქამრის შემოჭერა და ხარჯების მკვეთრად შემცირება გადაწყვიტა.
იგი ფლობს სახლებს მაიამიში, ლუიზიანაში, ფინიქსსა და მანჰეტენზე, ასევე, წინა ზაფხულს ყოფილი თანაგუნდელისა და ამჟამად კი „გოლდენ სტეიტის“ შემტევის, დევიდ ლისაგან თვეში 37.500 დოლარად უაითფლეინში პენთჰაუსი უქირავებია (აქაოდა, გუნდის საწვრთნელ ბანაკთან ახლოს ვიქნებიო) და რაკიღა, ლოკაუტმა მისი 100-მილიონიანი კონტრაქტი მაღლა ააგდო და ძირს არ დაუშვა, ამარე შველას მომსახურე პერსონალისა და გადასახადების შემცირებაში ხედავს.
„სხვაგვარად, ჩემი წლევანდელი ზარალი დაახლოებით 20 მილიონს მიაღწევს“, - გულიდან ამოსული სიტყვებით გაენდო Fashion Group International-ის მორიგ, 28-ე თავყრილობას შესეულ ჟურნალისტებს ვარსკვლავი და განსაკუთრებული სინანულით, თავისი დიდი ხნის პირადი მცველი, მაქს კეიარდი გაიხსენა:
„მასთან, განვლილი სეზონის ბოლო მატჩის მერე არ მილაპარაკია. არადა, ისე მიჩვეული ვიყავი... არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს ახლა, ან დაბრუნდება კი ჩემთან ლოკაუტის დახურვის მერე... სულ ჩემს გარშემო მოძრაობდა, უმისოდ უხერხულად ვგრძნობ თავს...“
მან უკვე დაუცალა ბინა ლის - ორ ადგილას ცხოვრება არაფრად მჭირდებაო, სამსახურიდან დროებით დაითხოვა ლამის მთელი პერსონალი და სრული დატვირთვით, მხოლოდ ორ ადამიანს ამუშავებს - ასისტენტსა და მზარეულს.
დაბოლოს, თათარიახნი ამბავი ბრუკლინის პირველ ლედად წოდებული კიმ კარდაშიანისა და მისი აწ უკვე ყოფილი რჩეულის, „ნიუ ჯერზი ნეთსის“ კალათბურთელის, კრის ჰემფრიზის შესახებ. მათ ისტორიას „ბრუკლინი, სიყვარული და კალათბურთი“ უწოდეს და გამოითვალეს, რომ სულ 72 დღე გაგრძელდა.
მარტივი არითმეტიკის ამბავია, 72 დღე სულ რაღაც ორთვენახევარზე ნაკლებია და ასეთ შუშპარაობას კავშირსაც ვერ უწოდებს ჭკუადამჯდარი კაცი, მაგრამ...
რეკორდი დიდი ვოკალის, შერისა ყოფილა - მისი და გრეგ ოლმენის „ქორწინება“ ცხრა დღეს გაგრძელდაო...
როგორ გგონიათ, რამ დაანგრია კიმ კარდაშიანის ბედნიერება?
„არაქისის სოუსი, ნაღები, ხრაშუნა მარწყვი და მოცვის ნაყენი მაცივარში... ნერვული სისწრაფე... შეხვედრები ერთთავად რესტორანში... ჭარხლის სალათი... ოთხსართულიანი სახლები და ორსართულიანი საბვეი (მეტრო)... საერთოდ არ მაინტერესებს უაზრო ფილმები და ფიქრი იმაზე, ორგანულია თუ არა საკვები, რომელსაც ვჭამ. ზედაც ეს „ნეთსი“... ყველაფერი ყელში ამომივიდა!“ - განაცხადა კარდაშიანის ქალმა და ლოკაუტის გამო ისედაც მოცლილი ჰემფრიზი, მთლად უსაქმოდ დატოვა.
როგორია, კაცს რომ ქალი გაექცევა? თან ასე მოულოდნელად... მერე, ამინდებიც როგორი ცივი დაიჭირა. რა გასაკვირია, რომ გამტკნარებულია კრისი. მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შვებას კალათბურთში ჰპოვებს, იშრომებს, თავს არ დაზოგავს და ლოკაუტის დასასრულს ფორმაში შეხვდება...
კაცია და ხასიათი - ჩელენტანო კი შეშას აპობდა...
კონსტანტინე გოგიშვილი ნიუ იორკიდან სპეციალურად worldsport.ge-სთვის
ავტორის ფოტოები







