ლიტვის საფეხბურთო A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში, გარგჟდაის “ბანგას” რიგებში გოლი გაიტანა თამაზ ჩარგეიშვილმა, მაგრამ მისი გუნდი თავის მოედანზე 1:5 დამარცხდა.
ჩარგეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 52-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:4 მარცხდებოდნენ, პენალტი გაიტანა. გარგჟდაელთა სასტარტოში იყო ვაჟა ბედოიძე, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს. ირაკლი ღერკენაშვილი 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ გიორგი ქავთარაშვილი და გიორგი ნიქაბაძე.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი ირჯება, საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ “ვოსტოკს” 2:0 სძლია.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ამ გამარჯვების შემდეგ, “ატირაუს” 17 ქულა დაუგროვდა და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
“ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, აუტსაიდერობას თავი ვერ დააღწია. განვლილ ტურში, თეთრაძის გაწვრთნილებმა შინ “აქტობეს” ვერ მოუგეს და 11 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში, სილამიაეს “კალევმა” “პაიდე” მიიღო და 3:0 აჯობა. დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში იყო თავდამსხმელი თენგიზ ეთერია, მაგრამ თამაში არ მოუწია. “პაიდეს” 18 ქულა აქვს და 10-გუნდიან პირველობაზე მეხუთეა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, რიგის “დაუაგავამ”, რომლის ღირსებასაც გიორგი დიაკვნიშვილი იცავს, შინაურ კედლებში დაუგავპილსის “დაუგავასთან” 0:1 წააგო. დიაკვნიშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. რიგელებს 20 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ვირსლიგას ლიდერობენ.