(წერილი მეორე)
მეორედ „დინამოში“ ერთგვარ „სახანძრო“ მდგომარეობაში მოვხვდი. 1962 წლის ჩემპიონატის სტარტზე თბილისელებმა რამდენიმე წარუმატებლობა იწვნიეს და საქართველოს სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ თხოვნით მომმართა, ჩამებარებინა გუნდი. იმხანად სსრკ-ის სპორტკომიტეტში ვმუშაობდი, ძირითადად ადმინისტრაციულ სფეროში და ამიტომ ქართველების შემოთავაზება სიხარულით მივიღე.
იდგა დრო, როცა ფეხბურთში სერიოზული ცვლილებების სიო ქროდა. წარსულს ჩაბარდა ელიტური მოსკოვური კლუბების - „დინამოს“, ცდკა-სა და „სპარტაკის” განუხრელი ბატონობის ერა. პირველმა „ბლოკადა“ ასევე დედაქალაქის „ტორპედომ“ გაარღვია. მას თვითნაბადი და საინტერესო მწვრთნელი ვიკტორ მასლოვი წვრთნიდა. ამ გუნდში მანამდეც არაერთი ჩინებული ფეხბურთელი გამოდიოდა, მაგრამ სპორტულ რეჟიმთან უცერემონიო დამოკიდებულება საშუალებას არ აძლევდა მათ, რათა მანამდე გამოეჩინათ თავი და მიეღწიათ განსაკუთრებული სპორტული შედეგებისათვის.
მასლოვმა სხვა ბევრ რამესთან ერთად, გუნდში დისციპლინარული საკითხიც გადაჭრა. ვალენტინ ივანოვის, ვიკტორ შუსტიკოვის, ვალერი ვორონინის, ნიკოლაი მანოშინის, გენადი გუსაროვის, სლავა მეტრეველის, ვალენტინ დენისოვის, ლეონიდ ოსტროვსკის, ალეკსანდრ მედაკინის, ოლეგ სერგეევის ოსტატობაზე დაფუძნებულმა ჟინმა პირველი სერიოზული ნაყოფი 1960 წელს გამოიღო - „ტორპედომ“ თასი და ჩემპიონობა მოიგო ანუ დუბლი გააკეთა.
სერიოზული და პროფესიონალური მიდგომა შეიმჩნეოდა უკრაინაშიც - განსაკუთრებით კიევის „დინამო“ გამოირჩა და საბჭოთა ფეხბურთის ლიდერებშიც გაერია.
ამასობაში, ზემოხსენებულს ელიტას გაეპარა ის მომენტი, როცა სხვებმა გარდაქმნები დაიწყეს. იმ დროს, როცა საჭირო გახლდათ ახლებური მიდგომა, ისინი „ხვრელების ამოქოლვასღა“ დასჯერდნენ და შესაბამისად, წამყვანი პოზიციები დათმეს. ხანგამოშვებით, „სპარტაკიც“, ცსკა-ც და „დინამოც“, ცალკეული მწვრთნელებისა და მოთამაშეების ხარჯზე გარკვეულ წარმატებებს კი აღწევდნენ, მაგრამ ძველებური სტაბილურობა აღარსად იყო.
საქართველოში მოვხვდი თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ახლებური მიდგომის შედეგები. განსაკუთრებულად სერიოზული მიღწევებისათვის ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს მიეღწიათ - ისინი ამზადებდნენ საკმაოდ კვალიფიციურ ფეხბურთელებს და შესაბამისად, „დინამოს“ არჩევანის სერიოზული საშუალება გაუჩნდა.
შევუდექი მუშაობას და დასაწყისშივე მივხვდი - იმხანად აღიარებულ, პროგრესულ ტაქტიკურ განლაგებაზე 4-2-4 გადასვლა გუნდში მეტისმეტად შეფერხებულიყო. თბილისელები აგრძელებდნენ მოძველებული სისტემით „დუბლ ვეთი“ თამაშს და ადრინდელივით სამი მცველით გადიოდნენ იოლას.
გაცნობის პროცესმა ორი მატჩი „წაიღო“. ამის შემდეგ, თამაშის სერიოზულ რეორგანიზაციაზე გადავედი და ცენტრალურ მცველად, უკვე სახელგანთქმულ გივი ჩოხელთან ერთად, 19 წლის მურთაზ ხურცილავა დავაყენე. მანამდე იგი მარცხენა ფრთაზე გამოდიოდა.
არ დავფარავ - ხურცილავას მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას განვიცდიდი. იგი მაღალი კლასის ფეხბურთელად ყალიბდებოდა. სამოციანი წლების შემდეგ, თითქოს დროც ბევრი გავიდა და ფეხბურთიც შეიცვალა, მაგრამ ხურცილავას დონის მცველი საბჭოთა ფეხბურთში აღარ გამოჩენილა. მოქნილი, ამტანი, სწრაფი ხურცილავა თვალის დახამხამებაში მოწყდებოდა ხოლმე ადგილიდან და მანამ მეტოქე გადაცემას გააკეთებდა, მურთაზი უკვე საჭირო ადგილას იდგა და ბურთს ელოდებოდა. მოკლედ, ხურცილავა ადრეული წლებიდანვე უფაქიზესი ნიუანსებით გრძნობდა ფეხბურთს, თამაშს და ეს ჩემში აღტაცებას იწვევდა.
კლუბშიც და ნაკრებშიც მე მას უძნელეს დავალებას ვაძლევდი - პერსონალურად აეყვანა მეტოქის ყველაზე უფრო სახიფათო მოთამაშე. 1967 წელს შოტლანდიასთან მატჩში, ხურცილავამ ბოლომდე დაჩრდილა და არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ დენის ლოუს, რომელმაც სულ ცოტა ხნით ადრე „უემბლიზე, ინგლისელებთან შეხვედრაში გაიბრწყინა. ის შეხვედრა გლაზგოში კი ჩატარდა, მაგრამ მურთაზი სიტუაციის სრულ მასპინძლად მოგვევლინა - ბურთის მიღებისას, შეტევაში თუ დაცვაში, ორთაბრძოლებისას ხურცილავამ ერთი შანსიც არ მისცა მეტოქეს და მეორე ტაიმში ლოუ მინდორზე საერთოდ აღარ გამოვიდა.
სიამოვნება იყო იმის ცქერაც, თუ როგორ ერთვებოდა ხურცილავა შეტევაში: როცა მისი გუნდი ბურთს მოიპოვებდა, მეტოქე ფეხბურთელების ნაწილი ჯერ კიდევ აქეთა ნახევარზე რჩებოდა და ამ დროს, მურთაზი უკვე შეტევის წინა ხაზზე, მოწინააღმდეგის საჯარიმო ხაზთან ითხოვდა გადაცემას. საშუალოდ სამი-ხუთი წამი სჭირდებოდა, რათა დაეწყო და დაემთავრებინა თავისი „შემტევი გამოხდომა“...
მარჯვენა მცველი იმხანად ბორის სიჭინავა გახლდათ, მარცხნივ კი ჯემალ ზეინკლიშვილი ირჯებოდა. მათ განსაკუთრებით იზიდავდა შეტევაში ჩართვა და მას შემდეგ, რაც დაცვის ხაზში უპრობლემო შეთამაშებას მივაღწიეთ, ყოველნაირად ვცდილობდი, ხელი შემეწყო მათი ამ მოქმედებისათვის.
ვფიქრობ, რომ უძლიერესი დაცვის ხაზი ჩამოვაყალიბეთ - ჩოხელი და ხურცილავა არა მარტო ერთმანეთს, მთელ გუნდს საიმედოდ აზღვევდნენ, ამას დაუმატეთ 1962 წლის საუკეთესო მეკარედ აღიარებული სერგო კოტრიკაძის დიდებული თამაში და ადვილი გასაგები იქნება, თუ რა ძალას წარმოადგენდა თბილისის „დინამოს“ დაცვითი ბასტიონი იმ დროს.
თავდასხმიდან ნახევარდაცვაში გადავიყვანე შოთა იამანიძე. ჩვეულებრივ, იგი გიორგი სიჭინავასთან წყვილში ასპარეზობდა. ორივემ საკუთარ ხელში აიღო თამაშის სადავეები ანუ ორგანიზაციულად სწორედ იამანიძე და სიჭინავა წარმართავდნენ „დინამოს“ შეტევებს.
კიდევ უფრო დაგვაჯილდოვა ღმერთმა თავდამსხმელებით: მარჯვნივ ილია დათუნაშვილი გვყავდა, ერთგვარად სწორხაზოვანი, მაგრამ ენერგიული და დიდებული შემსრულებელი. მას განსაკუთრებულად ეხერხებოდა ბურთის მოჭრა და ჩახვევა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით. დავუძახე და ვუთხარი: „აბა, ილია, სერიოზულად მოჰკიდე ხელი კუთხურების ჩახვევას. ამბობენ, რომ ლობანოვსკი „ხმელი ფოთოლის“ ოსტატია. შენ ხომ არანაკლები ნიჭითა ხარ დაჯილდოვებული...“
მთელი თვის განმავლობაში, დათუნაშვილი დაუღალავად ვარჯიშობდა დიღმის ბაზაზე, ხვეწდა კუთხურის მოწოდების ხელოვნებას და ამ საქმეში თითქმის სრულყოფასაც მიაღწია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ კუთხურიდან ჩაახვია მან ერთი ბურთი ტაშკენტის „ოქროს მატჩში“.
ჩვენი ცენტრალური თავდამსხმელები, ვლადიმერ ბარქაია და ზაურ კალოევი განსხვავებული ყაიდისა და ტემპერამენტის ფეხბურთელები იყვნენ. შრომისუნარიანი და შესაშური დრიბლინგის მქონე ბარქაია მოულოდნელად გამოხტებოდა ხოლმე და დალაშქრავდა მეტოქის კარს, ხოლო კალოევი კი გარეგნულად მონოტონურ თამაშში იშვიათი სიზუსტით არჩევდა საჭირო ადგილს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაჰქონდა გოლი. ბუნებრივია, მის შედეგიანობაში განსაკუთრებული დამსახურებები მიუძღოდა მიხეილ მესხს, რომელიც რეგულარულად ამარაგებდა ზაურს „სათავურე“ გადაცემებით.
მესხი განსაკუთრებით კაშკაშა და ჭკვიანი მოთამაშე იყო. მისი გარღვევები და საგოლე ჩაწოდებები იმდროინდელი „დინამოს“ მთავარი შეტევითი იარაღი იყო. განსაკუთრებული სიზუსტე ახასიათებდა - მისი გადაცემები არც კარს მიღმა მიფრინავდა, არც შორს, მეორე ფრთაზე. ერთ რამედ ღირდა ისიც, თუ როგორ უვლიდა გვერდს მცველებს ბურთიანად შეტევისას. მე განსაკუთრებით მომწონდა მისი ერთი ილეთი - როცა მცველი „პადკატით“ ბურთის ართმევას დაუპირებდა, მიშა მსუბუქად აჰკრავდა ბურთს ჭვინტს, თავადაც მოხდენილად გადაახტებოდა მეტოქის ფეხს და სანამ მცველი ტრიბუნის მიმართულებით მისრიალებდა, იგი მოწინააღმდეგის კარისკენ მოძრაობას აგრძელებდა.
საოცრად ენამახვილიც იყო. თუნდაც კალოევის მისამართით ნათქვამი ხუმრობა რად ღირს: „გოლი? რა პრობლემაა, ჩვენ ხომ საერთოდ არ გვიჭირს ბურთის გატანა. და თუ მაინც დაიქცა ქვეყანა, გავალ ფლანგზე, მოვძებნი კალოევის თავს, მოვარტყამ ბურთს და გოლიც მზადაა.“
ნამდვილად მშვენიერი გუნდი გვყავდა და ადგილიც სოლიდური დავიკავეთ - მესამე. თანაც ორჯერვე მოვუგეთ ჩემპიონ „სპარტაკს’ – 2:1 და 2:0.
მომდევნო სეზონში გუნდში სლავა მეტრეველი შემოგვემატა. მისი კოზირი, რასაკვირველია, სისწრაფე იყო. სლავას ერთგვარი „სუმბურული“ მანერა მას განსაკუთრებულ, დამატებით სამსახურს უწევდა - მეტოქემ არასოდეს იცოდა და არც გამოცნობა შეეძლო, როდის რას განიზრახავდა მეტრეველი. ბურთით მქროლავი სლავა, ხან მოულოდნელად გაჩერდებოდა, ხან კიდევ უფრო მკვეთრად მოუმატებდა სისწრაფეს, იცვლიდა მიმართულებასაც და მცველებს ისე ადვილად იტოვებდა უკან, ეს უკანასკნელები გაჩერებულები გეგონებოდნენ. ასეთი მანერისა და სათამაშო სტილის გამო იქცა სლავა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო თავდამსხმელად ევროპაში.
1963 წელს მხოლოდ მეხუთე ადგილზე კი გავედით, მაგრამ სამაგიეროდ, ბოლომდე ავითვისეთ 4-2-4 სათამაშო სისტემა და საგრძნობლად გავაუმჯობესეთ სათამაშო დისციპლინაც. იგრძნობოდა, რომ ისევე, როგორც ათი წლით ადრე, თბილისის „დინამო“ მზად იყო ჩემპიონობისათვის, თუმცა, მომდევნო სეზონში, მას შემდეგ, რაც კლუბმა სტარტზევე ოთხი მატჩი მოიგო ზედიზედ, მე გუნდის დატოვება მომიხდა.
მიზეზი? ალბათ ის, რომ საკუთარი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არასოდეს წავსულვარ კომპრომისზე. რასაკვირველია, ამით, პირველ რიგში, ისევ მე ვზარალდებოდი, მაგრამ აი, ასეთი ნატურა მაქვს - ჩემსაზე ბოლომდე უნდა ვიდგე, მითუმეტეს, როცა ვთვლი, რომ მართალი ვარ.
გუნდის მზადებასთან დაკავშირებით, მე ყოველთვის პუნქტუალური ვიყავი. ყველაფერს ბოლო წვრილმანამდე გავთვლიდი ხოლმე. თბილისში ასეთი წესი შემოვიღე: სეზონის დაწყებამდე ზუსტად კვირით ადრე ვმართავდით საკონტროლო მატჩს რომელიმე ჩამოსული კლუბის წინააღმდეგ, ბუნებრივია, „დინამოს“ სტადიონზე. ამ მატჩისას, ისევე, როგორც გამოსაშვებ საღამოზე, გამოცდას გავდიოდით ყველანი - მოთამაშეებიც, მწვრთნელებიც, მაყურებელიც, სტადიონიც, მინდორიც და დიღმის ბაზის ადმინისტრაციაც.
1964 წლის გამოცდა მოსკოვის „დინამოსთან“ უნდა ჩაგვებარებინა. როცა მატჩის გამართვის ვადა მოახლოვდა, რესპუბლიკურ სპორტკომიტეტში დამიბარეს და მითხრეს, რომ საკონტროლო შეხვედრა არა „დინამოზე“, არამედ „ბურევესტნიკზე“ გაიმართებოდა. რატომ? - ვიკითხე მე. „ჩვენ ასეთი მოსაზრება გვაქვს“ - მიპასუხეს მათ. „არა, ბურევესტნიკზე არ ვითამაშებთ!“ - გადაჭრით ვთქვი და...
ვინ გაიმარჯვა? მე არა. შეხვედრა ჩატარდა „ბურევესტნიკზე“ - მასში მონაწილეობა არ მიმიღია. ამის შემდეგ სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობასთან ჩემი ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და გადავწყვიტე, რომ მსგავს პირობებში მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
იმ სეზონში თბილისის „დინამომ“ იჩემპიონა...
მოამზადა კონსტანტინე გოგიშვილმა







