ინტერვიუები

17:30 | 15.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა ტყავაძე: “პროფლიგა დღე-დღეზე დაფუძნდება”

საქართველოში პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღდგება და ეროვნულ ჩემპიონატსაც ჩაატარებს. ამის შესახებ, ხუთშაბათს, საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” ბაზაზე უმაღლესი ლიგის 10 გუნდის შეხვედრის შემდეგ, “მსოფლიო სპორტს” დინამოელთა სპორტულმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ განუცხადა.
ბუბა ტყავაძე: “ჩვენ გუშინწინაც შევხვდით და ყველამ გამოთქვა მზადყოფნა ლიგა ჩამოყალიბდეს. წესით, დღეს უნდა დაგვეფუძნებინა და ნოტარიუსიც იყო მოსული, მაგრამ რამდენიმე საბუთთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და ამიტომ გადაიდო. ვფიქრობ, პრობლემები მოგვარდება და ლიგა დღე-დღეზე დაფუძნდება. მთავარია, ყველა კლუბს აქვს სურვილი ჩემპიონატი თავად ჩაატაროს. ამაში, კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. პროფლიგა მზად იქნება ჩემპიონატი უკვე იანვრიდან ჩაატაროს”.
- ჩემპიონატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს და შუა სეზონში პროფლიგისთვის მისი გადაბარება რამდენად შესაძლებელი იქნება?
- წესით პროფლიგამ ჩემპიონატი ახალი სეზონიდან უნდა ჩაატაროს, მაგრამ თუ აუცილებლობა იქნება იანვრიდანაც ჩაატარებს. ჩვენ სურვილი გვაქვს.
- პროფლიგის პრეზიდენტობის კანდიდატებზე თუ იმსჯელეთ?
- მთავარია, პროფლიფა დაფუძნდეს და კანდიდატებზე მერე ვიმსჯელებთ.
- გამომდინარე იქიდან, რომ “დინამოს” ბაზაზე შეიკრიბეთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი კლუბი პროფლიგის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია. თუ უბრალოდ ბაზაზე უფრო კომფორტულია მსგავსი შეხვედრების ჩატარება?
- გახსოვთ, პროფლიგის შექმნის მცდელობა აგვისტოშიც გვქონდა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ მოხერხდა. მგონი, ინიციატივა სხვა კლუბებისგან უფრო მეტად მოდის. პრინციპში, შეხვედრა სად შედგება გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
- ხუთშაბათის შეხვედრას რამდენი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო?
- გუშინწინ 9 კლუბის წარმომადგენელი იყო, დღეს – ათის. ვინც არ იყვნენ, ისინი დოკუმენტაციას ამზადებენ.
- პროფლიგის ფუნქციონირებას ფინანსები სჭირდება და თანხის მოზიდვას როგორ აპირებთ?
- მთავარია, დაფუძნდეს და დანარჩენი უკვე მენეჯმენტის საკითხია. დღესდღეობით, კლუბები ისედაც არიან ჩემპიონატის ჩატარების თანადამფინასებლები, რადგან სამონაწილეო თანხას ვიხდით. ამიტომაც ჩვენ უფრო შეგვიძლია ჩავატაროთ ჩემპიონატი. ვაპირებთ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომელთაც წესით უნდა სურდეთ ფეხბურთის განვითარება.

 

ლაშა თაბაგარი

    
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085255