გადაწყდა: არნემის “ვიტესის” 24 წლის კოტდივუარელი შემტევი, ვილფრიდ ბონი “სუონსის” ფეხბურთელი გახდა. უელსელებმა მასში კლუბისათვის სარეკორდო თანხა – 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. აქამდე ყველაზე მეტი მათ გასულ ზაფხულს ესპანელ პაბლო ერნანდესში ჰქონდათ გადახდილი (5,5 მილიონი). ბონი უკვე ჩავიდა სუონსიში და სახელდახელო კომენტარიც გააკეთა.
“სუონსის” მატჩებს ტელევიზიით ხშირად ვადევნებდი ხოლმე თვალს. სიმპათიური გუნდია, კარგი ფეხბურთელებით. ვფიქრობ, აქ გადმოსვლით მართებული ნაბიჯი გადავდგი. ბევრი ქვეყნიდან მქონდა მიწვევა, მათ შორის ინგლისიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მაგრამ “სუონსი” ვარჩიე, რადგან ჩინებული მწვრთნელი ჰყავს და კარგ ფეხბურთს თამაშობს. პრემიერლიგაში გამოსვლა კი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ახლა, უპირველესად, ევროპის ლიგის მატჩებზე მომიწევს კონცენტრირება”, – უთხრა ბონიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.
გასულ სეზონში ბონიმ ჰოლანდიის ჩემიონატის 30 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, “გედებთან” კი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“სუონსის” თავმჯდომარე ჰოუ ჯენკინსი ამბოიბს: “ბონი ძალიან კარგი ფეხბურთელია. შარშანდელ სეზონში მისი თამაშით აღფრთოვანებულები ვიყავით. მჯერა, რომ ის პრემიერლიგაშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებს გატანას”.
მოკლედ, “სუონსი” ამ ზაფხულს არ ხუმრობს. ბონი უკვე მეექვსე შენაძენია. მანამადე მათ ხოსე კანიასი, ალეხანდრო პოსუელო, ჟორდი ამატი და ჯონჯო შელვი გაიფორმეს. მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი კი ამბობს, რომ ერთი კარგი თავდამსხმელი კიდევ სჭირდებათ.