7-12 ივლისს ბერლინში გაიმართება 2001 წელს დაბადებულთა შორის დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის დარი იქნება. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან იქნებიან ამ ასაკის ბავშვთა გუნდები და მათ შორის, ერთი საქართველოდანაც.
რომელი ქართული გუნდი წავა ბერლინში, ეს 27 აპრილს გაირკვევა, მანამდე კი 44 გუნდი იბრძოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რესტორან “არისტოკრატში” წილისყრა გაიმართა სხვადასხვა რეგიონის გუნდებს შორის, ბოლოს კი რეგიონის გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, სადაც გაირკვევა კიდეც საბოლოო გამარჯვებული და ბერლინის საგზურის მფლობელი.
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ მგელაძემ ისაუბრა ამ ტურნირის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ “არისტოკრატი” ქართული ფეხბურთის შეკრების ადგილი გახდება, სადაც ბავშვთა შორის ყველაზე პრესტიჟული, ელიტ-ლიგის მატჩების ჩვენებაც იქნება.
ზოგადად კი, “ევროპის თასი – საქართველო”-ს, ანუ ხსენებული ტურნირის ორგანიზატორები არიან: ვეტერან ფეხბურთელები, უმცროსი დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე, ყოფილი მსაჯი მამუკა ელიკაშვილი. მათ მადლობა გადაუხადეს თბილისისა და რეგიონალურ ფედერაციებს.
დავით მუჯირი-უმცროსი: “ერთი კვირაა, რაც “ევროპის თასი – საქართველო” დაანონსდა და 44-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობისა. შეიძლება ითქვას, მართლაც დიდი პროექტია. ბერლინის დიდ საერთაშორისო ტურნირზე ქართული გუნდის მივლინება ლევან კობიაშვილის ინიციატივაა და მან იზრუნა ამ საქმეზე. ფონდი “კობი და მეგობრები” ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში.
როგორც იცით, საერთოდ 2001 წელს დაბადებულებში 9-9-ზე თამაშობენ, თუმცა ამ შემთხვევაში 11-11-ზე იქნება მატჩები. უნიკალურია, რომ გამარჯვებულ გუნდს ბერლინში გამგზარებასა და თამაშში არაფერი დაეხარჯება. ეს ყველაფერი ხარჯების გარეშეა. ბერლინში მარტო თამაშები არ იქნება: არის ექსკურსიები, კულტურული ღონისძიებები, ბავშვების დამეგობრება”.
აქვე ვთქვათ, რომ რესტორან “არისტოკრატის” კედელზე პირველი ხელმოწერა დავით მუჯირი-უფროსმა გააკეთა.
შემდეგ კი წილისყრაც გაიმართა.
აღმოსავლეთი რეგიონი:
კახეთი (თელავი)-ზარზმა (ადიგენი), აფხაზეთი-ქვემო ქართლი (ბოლნისი), სამაჩაბლო-ახალგორი, შიდა ქართლი-მცხეთა მთიანეთი. ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.
სამეგრელოს რეგიონი:
სალხინო (მარტვილი)-ზუგდიდი, კოლხეთი (ფოთი)-სქური (წალენჯიხა), ნაფალუ (ჩხოროწყუ)-იმედი (ხობი), აბაშა-ბაია (ზუგდიდი). ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.
აჭარა და გურია:
ჯგუფურად ითამაშებს 4 გუნდი: ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის გუნდები და გურიის რეგიონის ნაკრები.
იმერეთის რეგიონი:
მართვე (ვანი)-ბეკო (ჯიხაიში), იმერეთი (ხონი)-მართვე (ქუთაისი), წყალტუბო-ხვამლი (ცაგერი), 38-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი)-ტორპედო 2011 (ქუთაისი). ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.
თბილისის რეგიონში 16 გუნდი ითამაშებს, ისინი 4 ჯგუფად დაიყვნენ და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავა ფინალურ ეტაპზე:
A ჯგუფი: ოლიმპიკი, თენგიზ სულაქველიძის აკადემია, დინამოს აკადემია, გრანდი.
B ჯგუფი: დიღომი, ავაზა, დიდგორი კრწანისი, ომც ავაზა.
ჩ ჯგუფი: საბურთალო მორკინალი, საბურთალო, ომც, ბაქსვუდი საქ. უნივერსიტეტი
D ჯგუფი: ნორჩი დინამო, 35-ე საფეხბურთო სკოლა, სასკო, დინამოს საფეხბურთო სკოლა.
ანუ, “ევროპის თასი-საქართველოს” ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი ითამაშებს. აქედან, 4 გუნდი (ჯგუფების გამარჯვებულები) თბილისის რეგიონიდან და თითო-თითო სხვადასხვა რეგიონიდან – აჭარა-გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და აღმოსავლეთიდან. 4 აპრილს აჭარა-გურიაში იწყება მატჩები, 5-ში – სამეგრელოში, 9-ში – იმერეთში, 11-ში აღმოსავლეთში, 12-13-ში კი თბილისში. ბერლინში კი, როგორც უკვე ვთქვით, დიდი საერთაშორისო ტურნირი 7-12 ივლისს ჩატარდება.









