90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. საქართველოს ნაკრების წევრმა აზერბაიჯანულ ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და სამში იმარჯვა. ძირითად ბადეში შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსსა და აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს იპონ-იპონ გასცდა, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან თავად დავარდა ბეჭებზე და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც კიდევ ერთ აზერბაიჯანელს შაჰინ გაჰრამანოვს სძლია სუფთად. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბექა ღვინიაშვილი იტალიელ ვალტერ ფასენტეს დაუპირისპირდება.
დღესვე მედლები 100 და +100 კილოგრამებშიც უნდა გათამაშდეს. სამივე წონაში ორ-ორი ქართველი გავიდა ტატამზე, მაგრამ ტურნირს ყველა პირველივე შეხვედრით დაემშვიდობა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ზვიად გოგოჭური ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან სამწუთნახევარში მიღებული ოთხი შიდოთი დამარცხდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ალექსანდრე მსხალაძემ და გურამ თუშიშვილმა იჭიდავეს. მსხალაძე ყაზახ მაქსიმ რაკოვთან ორჯერ დავარდა ვაზარზე. თუშიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვთან იპონით წააგო.
მძიმე წონაში როსტომ ხახალეიშვილმა მაროკოელ ელ მეჰდი მალკის მესამე წუთის მიწურულს ვაზარი აუღო, მაგრამ ბოლო ორ წუთში ისე დაიქანცა, ოთხ გაფრთხილებამდე ავიდა და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონაში მოჭიდავე გიორგი ზაქარიაძისთვის კი დაუძლეველი ზღუდე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საქმე შებოჭვით მოამთავრა.
დღესვე საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ჩაერთო, მაგრამ კიმონო ერთადერთხელ მოირგო – ჩინელ ქსიაონან ქის ბოლომდე თანაბრად ებრძოლა, მაგრამ ზედ საფინალო სირენისას შებოჭვაზე მოჰყვა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 16 საათიდან დაიწყება.