მადრიდის “რეალის“ ფრანგი გოლეადორი - ქარიმ ბენზემა თურმე ნამეტანი დაღალა სპორტულმა ცხოვრებამ და სპეციალურმა კვებითმა რაციონმა. ბენზემა ამასწინათ ფრანგ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ როდესაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს (და იმედი აქვს, რომ ეს გვიან მოხდება), პირველი, რასაც იზამს, დიეტას საერთოდ დაივიწყებს და გემრიელ საჭმელებს მიეძალება.
მუდმივი ვარჯიშებითა და დიეტებით გაბეზრებული სპორტსმენებისაგან ამ საკითხზე წუწუნი არახალი ამბავია. ამასწინათ, დაახლოებით ბენზემას მსგავსი სიტყვები იტალიური “რომას“ ფეხბურთელმა, დანიელე დე როსიმაც თქვა. დე როსის თურმე ტკბილეულობა და ნამცხვრები ყვარებია ძალიან და იქადნება, - როდესაც კარიერას დავასრულებ, რომში მდებარე საკონდიტროებს ჩამოვუვლიო.
დე როსის შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად, ალბათ კლასიკურ მსუნაგთანაც გვაქვს საქმე. ხოლო ბენზემას რაც შეეხება, მისი წუწუნის როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები არსებობს. ქარიმის მწვრთნელი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო ცნობილია, როგორც ფეხბურთელებისათვის საწვრთნელი და კვებითი რეჟიმის მკაცრად მომთხოვნი კაცი და რა გასაკვირია, რომ მის შეგირდებს ამ მხრივ საწუწუნო ყოველთვის ექნებათ.







