სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუმ” 2014 წლის საახალწლო არდადეგები დაასრულა და 3 იანვრიდან საქართველოს თასისა და 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.
“გუნდი სრული შემადგენლობითაა, ცვლილებები არ იგეგმება, ტრავმირებული არავინ არ გვყავს და აღნიშნული ტურნირებისათვის მზადებას სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ” – გვითხრა კობეშავიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის წინ ზღვისპირელებმა სამი ლეგიონერი, უკანახაზელი ჯუნიორ ქედუგინი (კანადა), ფორვარდი ჯერემი სეფოლდი (ამერიკა) და მისი თანამემამულე ცენტრალური თავდამსხმელი ჯეიმი ჯექსონი დაიმატა. აღნიშნულიდან გამომდინარე, “ბათუმი-რსუ” 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. ზღვისპირელებმა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე 9 გუნდს შორის “სოხუმთან” ერთად 13 ქულა დააგროვეს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.
რაც შეეხება დადიანის მემორიალს და მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის სახელობის ტურნირს, ეს ასპარეზობები ზღვისპირელებმა გამოტოვეს.