ფეხბურთი

21:07 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელები – სრული სვლით, გოლგაუშვებლად

ბათუმის “დინამომ” წლეულს ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ჩემპიონატში და თანაც, გოლი ჯერ არ გაუშვია. შესაბამისად, გია გურულის გუნდმა, ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწია და თუ ასე გააგრძელებს, ბოლო ტურებში სანერვიულოდ არ ექნება საქმე. “სიონმა” კი წინა ტურში ფოთში წააგო “კოლხეთთან” და მაქსიმალურად ცდილობდა, რათა “თამაზ სტეფანიაზე” მორიგი 3 ქულა არ დაეკარგა, თუმცა ვერ მოახერხა – ცოტა იღბალმაც უმტყუნა.

64-ე წუთი იყო, როცა ბათუმელთა ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ, საჯარიმოს მისადგომებთან ბრძოლაში მოიპოვა ბურთი და ამირან მუჯირს გადააწოდა, რომელიც თითქოს დარტყმას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად, რბილად ჩაუკიდა საჯარიმოში მყოფ სანდრო გურულს, რომელმაც ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად, ძლიერად დაარტყა და... 0:1. კარგი გოლი გამოვიდა. კომბინაციაც მშვენიერი იყო და ბოლო დარტყმაც.

...სანამ თამაშის აღწერაზე გადავიდოდეთ, ვთქვათ, რომ ბოლნისში წლეულს პირველად ჩატარდა ჩემპიონატის მატჩი და გულშემატკივართა რიცხვიც მომატებული იყო. “თამაზ სტეფანიას” ტრიბუნები მთლად სავსე არ იყო, თუმცა გასულ წელთან რა შედარებაა. ცუდია, რომ მინდორია ცუდ მდგომარეობაში, თუმცა საფარის გამოცვლა იგეგმება და “მსოფლიო სპორტმა” რამდენჯერმე დაწერა ამ თემაზე.

პირველ ტაიმში სულ ორი მომენტი ჩავინიშნეთ და ორივეჯერ “სიონის” ფორვარდ ლადო ახალაიას მონაწილეობით: 25-ე წუთზე ფლანგზე შეინარჩუნა ბურთი და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, უკრაინელი მეკარე ივან პიცანი არ მოტყუვდა და ახლო ძელთან დახვდა ბურთს. მოგვიანებით, ისევ ახალაია ცდლობდა გატანას და პიცანმა მისი თავური მოიგერია. 

თანაბარი თამაში იყო, მეტწილად მოედნის ცენტრში იბრძოდნენ გუნდები. მეორე ნახევარი ბათუმელთა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე ვერ მიიყვანეს. შემდეგ, ათწუთიან მონაკვეთში იმატა სიხისტემ და ყვითელი ბარათების რაოდენობამ.

სანამ გურული გაიტანდა, მასპინძელთა ფორვარდ კოკა მიკუჩაძეს ჰქონდა მომენტი – ირაკლი კლიმიაშვილის ჩაწოდებულს არაზუსტი თავური შეაგება. და როცა გოლი გავიდა, ბათუმელთა გეგმაც ნათელი გახდა: დაცვაში გამაგრება და კონტრშეტევები.

“სიონმა” ტემპსა და სიმწვავეს უმატა. აი, ახალაიამ კიდევ ერთხელ მოიგო საჰაერო ბრძოლა და მიკუჩაძეს გადააწოდა, რომელმაც ახლოდან დარტყმა ვერ მოახერხა. მალევე, კოკამ შორიდან ააცილა. განსაკუთრებული დაწოლა იყო ბათუმელთა ცენტრალურ მცველებზე, თუმცა გიგა ჟვანია და ზვიად ლობჟანიძე კარგად თამაშობდნენ. ფლანგელებიც (ფარტენაძე და გაბუნია) დიდ სამუშაოს ასრულებდნენ. 

84-ე წუთზე სტუმრებსაც შეეძლოთ გატანა – ალექსანდრე კოშკაძის დარტყმული, მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია. უნდა ითქვას, რომ ბათუმელებს უფრო ეტყობოდათ შეკრული თამაში, რაც მწვრთნელ გია გურულის დამსახურებაა. სტუმრები მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ბურთს და როცა კარგავდნენ, გუნდურ ართმევაზე გადადიოდნენ.

ბოლო წუთებში კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. მეკარე ბობღიაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და კინაღამ 0:2 გახდა - ბაციკაძის 30-35 მეტრიდან დარტყმული სუსტი გამოდგა და ვაჟა ნემსაძემ იოლად მიუსწრო ბურთს. ბათუმელები ერთხელაც გადარჩნენ: არეულობაში, გაბუნიამ ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი.

საბოლოოდ, 0:1. ბათუმელებმა წლეულს 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღეს.     

მატჩის შემდეგ

გია გურული: - ჩვენთვის, ყველა მატჩი ფინალია. მაქსიმალურად ვცდილობთ, საშიშ ზონას თავი დავაღწიოთ. ვაღიარებ, რომ დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო, ბოლოს, 2-3 ეპიზოდში გადავრჩით. “სიონს” კარგი გუნდი ჰყავს.

-       თქვენი გუნდი “სიონს” სივრცეს უზღუდავდა და ხისტად ეთამაშებოდა.

-       სიხისტეს იმდენად არა, რამდენადაც ბრძოლას დავარქმევდი. ყველა ფეხბურთელს ვეუბნები, რომ მოედანზე ერთი სანტიმეტრის დათმობაც არ შეიძლება. დღეს ამ კონცენტრაციითაც მოვიგეთ. მინდა, ბიჭები შევაქო და ყველას მადლობა ვუთხრა.

-       თქვენი ვაჟის, სანდრო გურულის თამაშზე რას იტყვით?

-       ჰქონდა შეცდომები, თუმცა ბევრს ცდილობდა, იბრძოდა და გოლით გადაფარა შეცდომები. საერთოდ, გუნდში ყველა ჩემი შვილია. უნდა ვთქვა, რომ შემადგენლობაც უკეთესი გვყავს, ვიდრე შარშან იყო.

-       მინდორიც ვერ იყო კარგ მდგომარეობაში.

-       ასეა, მაგრამ ჩვენთან შედარებით, ეს “მარაკანაა”. თასზე შინ რუსთავის “მეტალურგთან” გაშვებული გოლი უხარისხო მინდვრის ბრალი იყო: პიცანი იოლად აიღებდა, მაგრამ ბურთი მინდორზე რაღაც ბელტს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა.

არმაზ ჯელაძე: - მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან 3 ქულა დავკარგეთ. თამაშში იყო შეცდომები და ამ ყველაფერს განვიხილავთ. ვფიქრობ, იღბალმაც ზურგი გვაქცია.

-       თქვენს ფეხბურთელებს მსაჯობაზე ჰქონდათ პრეტენზია. პენალტს ითხოვდნენ. რას იტყვით?

-       მგონი, ხელი იყო, თუმცა სანამ ვიდეოფირს არ ვნახავ, ზუსტად ვერ გეტყვით.

30.03. 15:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 3000 მაყურებელი

“სიონი” (ბოლნისი) – “დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:0)

სიონი: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ელიავა, ჰაიდუჩეკი (მანწკავა 74), ცხადაია (ნემსაძე 46), ლექვთაძე (უგრეხელიძე 57), კლიმიაშვილი, მიკუჩაძე, ახალაია.

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.

დინამო (ბთ): პიცანი, ფარტენაძე, ჟვანია, ლობჟანიძე, გაბუნია, მახარაძე, მუჯირი, მაკარიანი, კოშკაძე (ბაციკაძე 86), სანდრო გურული (გოგიტიძე 81), ჩიმაკაძე.

მწვრთნელი: გია გურული.

გოლი: 0:1 სანდრო გურული (64).   

გაფრთხილება:  ცხადაია (43), სვანიძე (54), მიკუჩაძე (56), კოშკაძე (59), ჩიმაკაძე (77), ახალაია (79), ლობჟანიძე (90+1).

მსაჯი: ლაშა სილაგავა.

 

იუზა კაციტაძის ფოტო

0.113969