სტატიები

10:25 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბარიერი, რომლის გადალახვაა საჭირო

შვეიცარიულ ნიონში გამართულმა კენჭისყრამ, საქართველოს ორგზის ჩემპიონ რუსთავის “ოლიმპს”, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე სტარტზეც ყაზახური გუნდი შეახვედრა. 2007-2008 წ.წ. ევროსეზონზე, ქვემოქართლელებს სალიგო მეტოქედ “ასტანა” ერგოთ და ორივე მატჩი ისე ჩაამთავრეს ვარლამ კილასონიას დამოძღვრილებმა, გოლი ვერ გაიტანეს (0:0, 0:3). “აკტობე” რუსთაველთა ძველ მეტოქეზე ტიტულოვანია (4-ჯერ გაჩემპიონებიდან 3 ბოლო სამ წელიწადზე მოდის), თუმცა ამჟამად მიმდინარე ქვეყნის 12-გუნდა ჩემპიონატში, 16 ტურის შემდეგ, 28 ქულით III ადგილზეა.
ქალაქს, რომელშიც “ოლიმპს” მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის გასამართავად 13, ან 14 ივლისს მოუწევს ჩასვლა, ახლო წარსულში აკტიუბინსკად ვიცნობდით. 300-ათასიანი აკტობე, ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მისი მთავარი საფეხბურთო გუნდი, შეხვედრებს მაქსიმუმ 13200 მაყურებლის თანდასწრებით “ცენტრალურზე” ატარებს. კლუბი 1967 წელსაა დაარსებული, თუმცა საბჭოთა პერიოდში საყურადღებო წარმატებისთვის არ მიუღწევია. ბოლო ათწლეულის შედეგებიდან, 4-გზის ჩემპიონობის გარდა, “აკტობემ” ერთხელ ქვეყნის თასი (2008) და 2-ჯერ (2008, 2010) სუპერთასი მოიგო.
რუსთაველთა მეტოქეს რუსი ვლადიმირ მუხანოვი წვრთნის. ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, მათგან მწვრთნელის რამდენიმე თანამემამულის გარდა, 3 აფრიკელიცაა. კამერუნელებიდან, ალან ბონო 26 წლისაა და ამპლუით მცველია, ხოლო 23 წლის ტიტი ესომბა ფორვარდია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 9 მატჩში 3 გოლით, გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირია. მუხანოვის განკარგულებაში კიდევ ერთი შავკანიანი - სენეგალელი მცველი, 24 წლის ხალიფა ბა გახლავთ.
“აკტობე” ქართველ გულშემატკივარს შარშანდელ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას “მაკაბისთან” შეხვედრითაც დაამახსოვრდებოდა. მაშინ, ებრაელებთან შინ 0:0-ის შემდეგ, ყაზახები ისრაელში მე-15 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ, თუმცა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მეტოქე გავიდა. ელიშა ლევისა და გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა “მაკაბიმ”, პირველ ტაიმში 2 გოლის გაქვითვა შეძლო, ხოლო 59-ე და 62-ე წუთებზე, ჰაიფელთა ქართველმა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა დუბლი შეასრულა და “აკტობეს”, ევროლიგაში მოსახვედრ ფლეი ოფში, ბრემენის “ვერდერთან” დაპირისპირება მოუწია. იქ, ყაზახებმა ბუნდესლიგურ გუნდთან ორივე მატჩი წააგეს (3:6, 0:2), თუმცა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ევროსეზონი მაინც გამოუვიდათ.
სულ, “აკტობეს” ევროტურნირებზე 12 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 4 მოიგო, 6 წააგო (ბურთების ბალანსი 17:22). აღნიშვნის ღირსია ყაზახების წარმატებული თამაში საშინაო შეხვედრებში - 6 მატჩიდან “აკტობეს” 3-ჯერ აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ წაგებული (ბურთები 7:3).
იმის გარდა, რომ ქართულისაგან განსხვავებით ყაზახური გუნდი შეთამაშებულია, ისიც სათქმელია, რომ “აკტობეს”, მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობით ოფიციალური სათამაშო პრაქტიკაც უკეთეს სიტუაციაში აყენებს. მუხანოვის გაწვრთნილები დღეს, მორიგი ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ასტანას “ლოკომოტივს” დაუხვდებიან.
კი, მართალია, “ოლიმპის” საევროტურნირო დებიუტისას, მისი ახლანდელი თავკაცი თემურ მახარაძე სხვა ქართულ გუნდს წვრთნიდა, მაგრამ იგი ამის მიუხედავადაც ვერ ასცდა იმ სეზონში ყაზახურ მეტოქესთან დაპირისპირებას. უეფაში შემდგარმა კენჭისყრამ, 2007 წლის ივნისში, მახარაძის გაწვრთნილ “ზესტაფონს” ინტერტოტოს თასზე “ტობოლი” შეახვედრა. მაშინ, იმერლებმა თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართულ საპასუხო შეხვედრაში 2:0 მოიგეს, მაგრამ სტუმრად 0:3 ჰქონდათ წაგებული და გათამაშებას გამოეთიშნენ.
რუსთაველთა ამჟამინდელ მოწინააღმდეგეზე ოფიციალური კომენტარის მიღება, კლუბის პრესსამსახურის უფროსის, მიხეილ ჯორბენაძისაგან გახდა შესაძლებელი: “თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს კალათაში მყოფ გუნდებს შორის შეიძლებოდა პრაღის “სპარტას”, ან ბელგრადის “პარტიზანს” შევხვედროდით, “აკტობე” ცუდი ვარიანტი არაა. თუმცა, უკეთესი იქნებოდა პოლონური “ლეხი”, ან უნგრული “დებრეცენი” შეგვხვედროდა”.

ფრიდონ კერვალიშვილი


 

0.093438