ჭადრაკი

16:55 | 18.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი უნივერსიადის ლიდერთა შორისაა

შენჟენში გრძელდება მსოფლიოს 2011 წლის უნივერსიადა, სადაც ქართულ დელეგაციას მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ საჭადრაკო ტურნირზე აქვს შერჩენილი. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში საქართველოს ღირსებას გოგონათა ტურნირში ნინო ბაციაშვილი (2381), მაკა ფურცელაძე (2364) და სოფიკო გურამიშვილი (2329) იცავენ, ხოლო ვაჟებში – დავით ბენიძე (2514) და ლუკა პაიჭაძე (2489).
ექვსი ტურის თავზე, გოგონათა უნივერსიადას ხუთი ლიდერი ჰყავს, რომელთა შორის ბაციაშვილიც გახლავთ. ნინოს აქტივში, ჩინელი ტანის (2396), რუსი ვასილევიჩის (2367), მონღოლი ბატჩიმეგისა (2313) და უკრაინელი კალინინას (2222) დარად, 5.0 ქულაა.
მედლებისთვის ბრძოლის შანსი დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებსაც არ დაუკარგავთ. ფურცელაძეს 4.5 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია, ხოლო გურამიშვილი 4.0 ქულით მეცამეტეა. ხვალ, მოჭადრაკეები მეშვიდე და მერვე ტურს ჩაატარებენ, 20 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა, 21-ში კი დასკვნითი მეცხრე ტური შედგება.
მეშვიდე ტურში ბაციაშვილი შავი ფიგურებით ტანს ეთამაშება, ფურცელაძე თეთრებით – ვასილევიჩს, ხოლო გურამიშვილი შავებით - თურქ ილდიზს (2282, 4.0 ქულა).
გაცილებით რთული მდგომარეობა გვაქვს ვაჟთა ტურნირში, რომელსაც 5.5 ქულით ჩინელი ლი (2669) ლიდერობს. პაიჭაძე 4.0 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება, ხოლო ბენიძეს 3.5 ქულით 27-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091489