ფეხბურთი

16:38 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული: “ქართველი ფეხბურთელების ეს თაობა დიდ სიმაღლეებს მიაღწევს”

 

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ბაჩანა არაბულმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ საფრანგეთთან ფრით კმაყოფილია, მაგრამ სერბებთან მატჩში მისმა გუნდმა უნდა მოუმატოს.

 “სასტარტო მატჩში ჩვენმა გუნდმა ფენომენალური საბრძოლო თვისებები გამოავლინა. ჩვენი მოთამაშეები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე გაბედულად იბრძოდნენ. თუმცა, ვისურვებდი, რომ დაცვიდან თავდასხმაში უკეთესად გადავსულიყავით”, – განუცხადა არაბულმა უეფას ვებგვერდს.

ქართველ 19-წლამდელთა კაპიტნის თქმით, საფრანგეთთან პირველი მატჩის შემდეგ მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს საქართველოში თამაშობდა:

“90 წუთის განმავლობაში კარგად გვესმოდა, თუ როგორ გვიჭერდნენ მხარს ტრიბუნებიდან ჩვენი გულშემატკივრები. ისინი ქართულად ყვიროდნენ და საქართველოს დროშა გაშალეს. მეჩვენებოდა, რომ საქართველოში ვთამაშობდით. მსურს, ჩვენს ფანებს გულითადი მადლობა გადავუხადო. მათ თავდაჯერება შეგვმატეს. იმედია, სერბეთთან მატჩშიც ასეთი მხარდაჭერა გვექნება”.

არაბულმა აღნიშნა, რომ სერბეთ-თურქეთის მატჩის ნახვის საჭიროება არ იყო, რადგან ქართველები ბალკანელებს ისედაც ძალიან კარგად იცნობენ:

“თურქეთისა და სერბეთის დაპირისპირება არ გვინახავს. ეს არც გვჭირდება. სერბულ გუნდს საუცხოოდ ვიცნობთ, რადგან მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ. შევეცდებით, მატჩის მსვლელობა ვაკონტროლოთ და ბურთი მეტოქეზე ხშირად გვქონდეს”.

არაბულს სჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელების ახალი თაობა დიდ წარმატებას მიაღწევს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ფეხბურთელების ეს თაობა დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. ჩვენი გუნდის ბევრმა მოთამაშემ შარშან სლოვენიაში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა. მთავარია, რომ ის ფეხბურთელები, ვინც ლიტვაში ევროპირველობაზე გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ, ასევე ძალიან ნიჭიერები არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობის ბევრ ფეხბურთელს რეალური შანსი აქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს”.


0.114744