ჭადრაკი

19:18 | 26.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავა: “ჩემი მიზანია, უახლოეს მომავალში მსოფლიოს ათ საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოვხვდე”

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის სურვილი საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ - ბაადურ ჯობავამ გამოთქვა, რომელსაც 2721 სარეიტინგო ქულა ჰქონდა და მსოფლიო კვალიფიკაციაში 25-ე ადგილზე იმყოფებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯობავამ 11 შესაძლებლობიდან 10 ქულა (9 მოგება, 2 ყაიმი) დააგროვა და საქარველოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ამ წარმატებისთვის ჯობავამ 9 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, ამჟამად 2730 გაუხდა და მომავალ კლასიფიკაციაში დაწინაურდება.
“მსოფლიო სპორტი” ბაადურ ჯობავას ესაუბრა.
- 5 წელია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არ გითამაშიათ. რა იყო ამხელა პაუზის მიზეზი?
- ზოგჯერ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები და ზოგჯერ - პირადი საქმეები. საპატიო მიზეზის გარეშე საქართველოს ჩემპიონატი არასოდეს გამიცდენია.
- ორიდან ერთ-ერთი ყაიმი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა და დაბალი რეიტინგის (2298) მქონე ირაკლი ბერაძესთან გააკეთეთ...
- პარტია ბერაძესთან თითქმის მოგებული მქონდა, მაგრამ მოვდუნდი და ნახევარი ქულა ჩემი დაუდევრობით დავკარგე.
- სხვა შეხვედრებში თუ დარჩით თქვენი თამაშით კმაყოფილი?
- ჩემი თამაშით არასოდეს ვკმაყოფილდები. ყოველთვის მინდა, მეტი გავაკეთო და დღეს უკეთ ვითამაშო, ვირდე გუშინ.
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე საქართველოს ჩემპიონატის დონემ, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებთან ერთად ხშირად გიწევთ თამაში?
- პროგრესი არის უმნიშვნელო. ჩვენი კონკურენტები ბევრად უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ჩვენ.
- რა არის ამის მიზეზი?
- ქართველი მოჭადრაკეები, ისე როგორც სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები, ნიჭიერები ვართ, მაგრან სიზარმაცის გამო ჩვენს ნიჭს ბოლომდე ვერ ვიყენებთ. რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით.
- ვის თვლით ჩვენს კონკურენტებად?
- ყველას, ვისაც ჩვენზე მაღალი რეიტინგი აქვს.
- მოქმედი და ვეტერანი ქართველი მოჭადრაკეების ჩათვლით, თქვენზე მაღალი რეიტინგი არავის ქონია. ამ მხრივ რას გეგმავთ უახლოეს მომავლში?
- ჩემი მიზანია, უახლოეს მომავალში მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოვხვდე.
- დღეს მოქმედი მოჭადრაკეებიდან ვის თვლით წარმატებულ სპორტსმენად?
- რა თქმა უნდა, ინდოელ ვიშვანათან ანანდს, ამ მოჭადრაკემ ყველაფერი მოიგი, რის მოგებაც შეიძლებოდა.
- პერსპექტიული მოჭადრაკეებიდან ვის გამოარჩევდით?
- ნორვეგიელი კარსლენი, სომეხი არონიანი, რუსი კარიაკინი... ნიჭიერი მოჭდრაკეები ბევრნი არიან და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
- ვეტერანებიდან ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ამერიკელმა ბობი ფიშერმა, რუსებმა - ალექსანდრ ალიოხინმა და მიხაილ ბოტვინიკმა.
- ჭადრაკის გარდა სპორტის სხვა სახეობით თუ ხართ გატაცებული?
- ძალიან მიყვარს ყინულის ჰოკეი. ნაკრებ გუნდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სიამოვნებით ვუყურებ რუსეთისა და ნჰლ-ის ჩემპიონატებს. თავისუფალ დროს ვთამაშობ ფეხბურთს და მაგიდის ჩოგბურთს.
- შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ თქვენ უკრაინელი მეუღლე გყავთ და ძირითადად ამ ქვეყანაში ცხოვრობთ...
- მე საქართველოს მოქალაქე ვარ. იმდენს ვმოგზაურობ, რომ ყველაზე მეტ დროს ჰაერში ვატარებ.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
- მყავს მეუღლე – ელე და ქალიშვილი იზაბელა. ჩემი მეუღლე ქალაქ რიეკაში (ხორვატია) გავიცანი, რომელიც 2010 წელს ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობდა. ელე მოჭადრაკე ძმას რიეკაში თან ახლდა. ჯერჯერობით, რიეკა ჩემთვის ყველაზე ფეხბედნიერი ქალაქია. როგორც გითხარით, იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ჯერჯერობით ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მივაღწიე, როცა ვერცხლის მედალი მოვიპოვე.
- რომელია მომავალი ტურნირი, სადაც თქვენ იასპარეზებთ?
- ამჟამად, საქართველოს ნარებთან ერთად, აზერბაიჯანთან მატჩისთვის ვემზადები, რომელიც 7-12 ივნისს თბილისის ჭადრაკი სასახლეში ჩატარდება.

როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093229