ფეხბურთი

15:11 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე: “იქნებ, დადგეს დღე, როდესაც ნაკრებში გამომიძახებენ”

პორტუგალიის პრიმეირალიგაში მოასპარეზე “ჟილ ვისენტეს” შემტევ ნახევარმცველ ავთანდილ ებრალიძეს, რომელსაც 3 ოქტომბერს 22 წელი შეუსრულდა, ინტერნეტგამოცემა maisfutebol.iol.pt-მა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

“ეს არის ქართველი ბიჭის ისტორია, რომელიც პორტუგალიაში მშობლებთან ერთად ემიგრაციაში ჩამოვიდა და პრიმეირალიგაში თამაშობს. სექტემბრის თვე ავთოსთვის, უფრო სწორედ, ავთანდილ ებრალიძისთვის, ემოციებით აღსავსე არმოჩნდა. კერძოდ, “ოლივეირენსედან” “ჟილ ვისენტეში” გადასვლიდან ორი კვირის შემდეგ, მას სტადიონ “დრაგაუზე” დებიუტი “პორტუსთან” ჰქონდა. 
ავთანდილ ებრალიძე თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, 22 წლის წინ დაიბადა. პორტუგალიაში 16 წლის ასაკში, მშობლების თანხლებით ჩამოვიდა.

“მამაჩემი პორტუგალიაში, ქალაქ ლაგოსში სამუშაოდ ჩამოვიდა. შემდეგ, მე და დედა ჩამოვედით და თამაში “ლაგოს დე ესპერანსას” ახალგაზრდულ გუნდში დავიწყე”, – უთხრა ებრალიძემ maisfutebol.iol.pt-ს.

შემდეგ, მან “ლაგოს დე ესპერანსადან”, არცთუ ხანგრძლივი პერიოდით, ესპანეთის “ხეტაფეს” ახალგაზრდულ გუნდს მიაშურა.

“ხეტაფეს” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ხოლო პორტუგალიაში დაბრუნების მერე, “ლაგოს დე ესპერანსას” პირველ გუნდში ჩავირიცხე”,- თქვა ავთომ. 

ავთოს კარიერაში აღმასვლა დაიწყო და “ესპერანსადან” ლაგოსის “ჟუვენტუდ ევორაში” მოხვდა. ამ გუნდიდან “ოლივეირენსეს” მიაშურა, სადაც “ჟილ ვისენტეში” გადასვლამდე გამოდიოდა.

“პრიმეირალიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა და ბოლომდე რწმენა მქონოდა”, – განაცხადა მან. 

ახალ გუნდში მას დებიუტი “პორტუსთან”, სტადიონ “დრაგაუზე” ჰქონდა, რაც ფეხბურთელისთვის დაუვიწყარია.

“ეს დაუჯერებელი რამ იყო. თითქოს სიზმარში მოვხვდი. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ოცნებაც ავიხდინე. ძალიან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი”, – გაიხსენა ავთომ.

“ჩემი მიზანია, რომ იმდენი ვითამაშო, რამდენის შესაძლებლობაც მექნება, რათა გუნდს საგოლე პასებითა და გატანილი გოლებით დავეხმარო, რომ “ჟილ ვისენტემ” პრიმეირალიგაში ადგილი შეინარჩუნოს. არ ველოდები, რომ ყოველთვის ვითამაშებ, მაგრამ იმედია, საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენის შანსი, მექნება”,- აღნიშნა 22 წლის შემტევმა.

ებრალიძეს იმედი აქვს, რომ დადგება დღე და, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ:

“საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს. თუ აქ ბევრ მატჩს ჩავატარებ და მოვითმენ, ვფიქრობ, შესაძლოა, შანსი მომცენ. მშვიდად ვარ და იქნებ, დადგეს დღე, როდესაც ნაკრებში გამომიძახებენ.

კვირას, “ჟილ ვისენტე” საკუთარ მოედანზე “პაკუშ დე ფერეირას” ეთამაშება. ავთოს მშობლები ლაგოსიდან, თამაშზე დასასწრებად, ბარსელუშში უნდა ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ჟილ ვისენტეს” პრეზიდენტმა ანტონიო ფიუზამ, მათი მგზავრობა დააფინანსა”.

0.135124