ვინც საქართველო-სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების შეხვედრას უყურა, დაგვეთანხმება: სტუმრებმა ალექსანდრე ჩივაძის გუნდს აჯობეს, ფიზიკურ კომპონენტში კი სხვაობა ძალიან თვალშისაცემი იყო.
ამ წერილში მეტწილად ჩივაძის დადებით და სუსტ მხარეებზე ვისაუბრებთ. ამ ლეგენდარულ კაცს, "ოქროს დინამოს" კაპიტანს თამაშის შემდეგ ისეთი სახე ჰქონდა, მტერს არ ვუსურვებთ – გაფითრებული, თითქოს 10 წლის სიცოცხლე მოაკლდაო. გასახდელიდან გამოსულმა ესღა თქვა:
"მე კი ვიცი, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბელარუსი მსაჯი იყო, ჭანტურიას შოტლანდიასთან პენალტი მეორედ დაარტყმევინა, დღეს კი, აგერ, ვიდეოზე ათჯერ ვნახე, უეჭველი პენალტია და თან, კაცია გასაგდები. რა ხდება ბოლოს და ბოლოს?".
მართალია, მსაჯის შეცდომამ გავლენა მოახდინა შედეგზე, რადგან 15 წუთი კიდევ იყო დარჩენილი და არავინ იცის, ათკაციანი სლოვაკეთი გაძლებდა თუ არა. სწორედ ამიტომაც, გაორებული გრძნობა დაგვიტოვა ამ მატჩმა, მაგრამ სად გავექცეთ იმ ფაქტს, რომ კარგი შემტევი პოტენციალის მქონე ნაკრებმა მოსალოდნელზე ცუდად ითამაშა?
ჩივაძეს ეროვნულ ნაკრებში როგორი მიდგომაც ჰქონდა, ისეთი აქვს ახალგაზრდულთან. ან როგორ უნდა გამოცვლილიყო ამხელა პიროვნება. მის ნაკრებში ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო, ფეხბურთელებს უყვართ და კარგი ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, შოთა არველაძეს აქვს თავის წიგნში დაწერილი, ზოგჯერ ისე იქცეოდა, თითქოს გუნდის რიგითი წევრი იყოო.
არ არსებობს, მან ფეხბურთელი გაწიროს და ხალხს აგინებინოს, თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონია და ვერავინ გაამტყუნებდა – ჩივაძეა და მას უფრო დაუჯერებდნენ, ვიდრე ფეხბურთელს. ანუ, ბატონი საშა წაგებული არ დარჩებოდა, მაგრამ ვაი ასეთ არწაგებას.
არიან ასეთი მწვრთნელები, რომლებიც პრიორიტეტს სწორედ გუნდურ ატმოსფეროს ანიჭებენ, ასე ვთქვათ, მეგობრულს "აწვებიან". არიან მკაფიო დისტანციის მოყვარულები და მესამე კატეგორიაა, რომლებთანაც ფეხბურთელები ურთიერთობას ვერ იტანენ და პიროვნულად არ უყვართ.
ჩივაძე თამაშის დროს არ ზღუდავს შეგირდებს, არ უშლის ინდივიდუალიზმს და ცდილობს, ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნებინოს, მაგრამ მისი გუნდი ზედმეტად ფეხბურთელთა ინდივიდუალიზმზეა აწყობილი (უფრო, ვაკო ყაზაიშვილზე და გიორგი ჭანტურიაზე) არ ჩანს კომბინაციები – გუნდური თამაში. ვერც ცვლილებებმა გაამართლა.
ჩივაძე არასოდეს ყოფილა ტაქტიკოსი, არ უყვარს მკვეთრი გადაადგილებები თამაშის მიმდინარეობისას. მას თავისი დადებითი მხარე აქვს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ბატონ საშას საუკეთესო შედეგი აქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შორის. ეს დაკავებული ადგილის მიხედვით და თამაშების მოგება-წაგების ბალანსის მხრივაც. მაგრამ თამასა ჰქონდა აწეული: ის ჩივაძე იყო, ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა და არ აპატიეს ინგლისთან 0:2. სხვებს ეპატიებოდათ, ჩივაძეს – არა.
ჩივაძე სტრესს უძლებს. ის უკვე ასაკშია და ვეჭვობთ, როგორც მწვრთნელი, განვითარდეს. მას კი არა, ახალგაზრდებს უჭირთ განვითარება. არაა გამორიცხული, ნანობდეს, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა და თანაც, ამხელა სამწვრთნელო უქმობის შემდეგ.
ამასთან, ბატონი საშა ის კაცი არაა, ფულის გამო პოსტს გამოეკიდოს და ხალხის თვალში ავტორიტეტი დაიქვეითოს. არ დაგვავიწყდეს, ის ორივეჯერ თავად გადადგა, ასე რომ, მისთვის "გადადექი, გადადექი"-ს ძახილი ზედმეტია.
ის მხოლოდ მწვრთნელი კი არა, მეგობარია. ჭრის ასეთი რამ საქართველოში? ამას მაშინ გავიგებთ, როცა ჩივაძე აღარ იქნება მწვრთნელი.