ჭადრაკი

17:44 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასეთ ბოლოს არავინ ელოდა

ორი დღეა, რაც საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა და თითქმის ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ვის როგორი მოლოდინი ჰქონდა და როგორი შედეგი მიიღო, იმის მიხედვით მოიწონებს (ან ვერ) თავს.

წლევანდელი ოლიმპიადა რომ გამორჩეული  და დახუნძლული იყო საინტერესო მოვლენებით, კარგად მოგეხსენებათ. ქართულ დელეგაციას წელს არა მარტო წმინდა საჭადრაკო შედეგები აინტერესებდა, არამედ, „მოედანს“ მიღმა, კულისებში რა ხდებოდა და რა შედეგები დადგებოდა, იმის განსაკუთრებული, მოლოდინიც გააჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოჭადრაკეთა, ანუ გუნდების შედეგებით კმაყოფილი, ვერ ვიქნებით, ხოლო დანარჩენში, უბრალოდ, უკმაყოფილების მისხალი მიზეზიც არ გვაქვს.

ქალთა გუნდმა, რეიტინგის შესაბამისად,მეოთხე ადგილზე კი დაასრულა ტურნირი, მაგრამ სურვილი მაინც მეტი იყო დაამ შედეგს დიდ მიღწევად, გუნდს არავინ ჩაუთვლის; ვაჟთა გუნდის შედეგი კი იმდენად ცუდია, რომ მეც კი სირცხვილის გრძნობით აღსავსე ვწერ ამ სიტვებს - 44-ე ადგილს, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ნახავდა გულშემატკივარი თუ სპეციალისტთა დიდი ჯგუფი. ნებისმიერ შედეგს აქვს მიზეზი და გამართლება, მაგრამ რით უნდა გაიმართლონ თავი ვაჟებმა, არ ვიცი. შესაძლოა, ამ კითხვებზე პასუხები უახლოეს დროში მივიღოთ, როცა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამგეობის სხდომას მოიწვევს და გუნდის მწვრთნელებისა და კაპიტნისაგან, შესაბამის ანგარიშს ჩაიბარებს.

ვიდრე ბოლო დღის მიმოხილვაზე გადავალ, მცირე გადახვევას გავაკეთებ და  მოკლედ, ისე, რომ ამან კამათის ფორმა არ მიიღოს, ანუ არ გამოიწვიოს მავანთა მიერ საკითხის უფრო გაშლა, აღვნიშნავ შემდეგს: ვინც ჩემ რეპორტაჟებს თვალს ადევნებდა, წაიკითხავდა, რომ  ერთ-ერთ სტატიაში გულისტკივილით აღვნიშნე, ჩემს მეხსიერებაში, ჩვენი გუნდები ასეთი უსუსურები არ ყოფილან-თქო. ამ ფრაზამ ქალთა გუნდში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და გუნდის კაპიტანმა, ქალბატონმა ნინო გურიელმა მკაცრად მისაყვედურა, ეს დიდი  შეცდომაა და მე თუ მკითხავ, ეს გუნდი ყველაზე ძლიერიც კი არისო. ქალბატონი ნინო, ალბათ, დამოუკიდებლობის პერიოდს გულისხმობდა, თორემ საბჭოთა დროში რომ შემადგენლობა იყო(წმინდა ქართულებს ვგულისხმობ) იმასთან დღევანდელი რა მოსატანია... სხვათა შორის, ვერც დამოუკიდებლობის პერიოდის გუნდთან მივა ახლოს დღევანდელი შემადგენლობა და ამაზე შედეგებიც მოწმობს - 90-იან წლებში, ქართველმა ქალებმა ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს ჩემპიონობა, მეოთხედ კი ასეთი ტრიუმფი 2008 წელს, დრეზდენში გაიმეორეს. იმ შემადგენლობასთანაც ვერ დადგება გვერდით დღევანდელი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ პირველ დაფაზე მაია ჩიბურდანიძე იჯდა და პირადად მოიგო ის ილომპიადა - პირველ დაფაზე ხომ ოქროს მედალი აიღო, საერთო პერფორმანსიც უკეთესი ჰქონდა და აბსოლუტურად საუკეთესო შედეგი აჩვენა ქალთა შორის. მართალია, წელსაც ვიყოჩაღეთ პირველ დაფაზე და ოქროს მედალი ნანა ძაგნიძამ მოიპოვა, მაგრამ , სამწუხაროდ,  მას თანაგუნდელებმა სათანადოდ  ვერ აუბეს მხარი, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე დაფაზე მსხდომებმა და ამიტომაც ვერ ვაჯობეთ ძლიერ გუნდებს.

როცა სიტყვა  „უსუსური“ ვიხმარე, მაშინ ტურნირის  პირველი ეტაპი მიმდინარეობდა და მაშინდელი შედეგით, ქალთა გუნდი ვერ დაიკვეხნიდა, ისევე, როგორც ვაჟები. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს ზედსართავი სახელი, გოგონათა მისამართით მაინც გადაჭარბებული გახლდათ, რაც ვუთხარი კიდეც ქალბატონ ნინოს,თუმცა აღფრთოვანებას რომ არ იწვევდა მათი თამაში, ესეც არ დავუმალე.  ბიჭების შემთხვევაში კი, როგორც საბოლოოდ გამოჩნდა, სრულიად მართალი ვყოფილვარ. ქალბატონმა ნინომ მაინც მომთხოვა საჯაროდ  ბოდიშის მოხდა, რაც, ცხადია, არ გავაკეთე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტი ვარ და საკუთარ შეფასებებში თავისუფალი გახლავართ; და თუკი, ჩემი შეფასება  და პოზიცია ვინმეს  არ მოსწონს, საკუთარი  აზრის დაფიქსირება ცივილური ფორმით, იმავე გამომცემლობის გვერდებზე შეუძლია.

ეს მომენტი იმიტომ გავიხსენე, რომ ქართულ სინამდვილეში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი მაგალითი, როცა ჟურნალისტს ჭკუას ასწავლიან და უხეშად ერევიან მის საქმიანობაში; მცირე კრიტიკაზეც კი ერთ ამბავს ტეხენ და ლამის, სამშობლოს მოღალატედ რაცხავენ ჟურნალისტებს. არადა, კრიტიკა და, მითუმეტეს, ჯანსაღი კრიტიკა, სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი სპორტსმენისთვის -  ვისაც  სწორი დასკვნები  გამოაქვს, შედეგსაც უკეთესს იღებს...  მე არ ვიცი, როგორი დასკვნები გამოიტანეს მოჭადრაკე გოგონებმა ამ შემთხვევიდან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბევრად უკეთ ათამაშდნენ და საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

ახლა კი იმაზე, თუ როგორი იყო ოლიმპიადის ბოლო დღე. სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოს ვერაფერს მოგახსენებთ.

დავიწყებ იმით, რომ ჯერ კიდევ თბილისში მყოფმა, გამგზავრებამდე ორიოდ დღით ადრე ვიგრძენი თავი შეუძლოდ, რაც ტრომსოში, სადაც კაი ქართული გვიანი შემოდგომის მსაგავსი ცივი ამინდები იდგა, გამირთულდა და დასკვნით საღამოს - დახურვის ცერემონიალს ვერ დავესწარი; ვერც დღის განმავლობაში მივადევნე სრულად თვალი გადამწყვეტი ტურის მატჩებს და პრესცენტრში ყოფნას, სახლში დარჩენა ვამჯობინე. სამწუხაროდ, ბოლო აკორდი ისეთი გამოვიდა, რომელსაც ვერავინ იფიქრებდა: სეიშელის კუნძულების გუნდის ასაკოვანმა წევრმა კურტ მეიერმა, ვერ გაუძლო დატვირთვას და პარტია დაასრულა თუ არა, შეუძლოდ გახდა - იქვე დაკარგა გონება. თანაგუნდელთა შეძახილებმა და მედპერსონალის მოხმობამ დარბაზში დიდი პანიკა გამოიწვია: მავანმა იფიქრა, ტერორისტული აქტი მოხდაო და დარბაზიდან გაიქცა. პანიკას ბევრი აჰყვა, რამაც ტურნირის მიმდინარეობა შეაჩერა. ათიოდ წუთში სასწარფო დახმარება კი მოვიდა, მაგრამ შეუძლოდ მყოფისთვის აღარაფერს შეეძლო დახმარება... ტური კი განახლდა, მაგრამ მაიერის გულისცემის განახლება ვეღარ მოხერხდა.

აქამდე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში მსგავსი ტრაგედია არ დაფიქსირებულა. სამწუხაროა და ვუთანაგრძნობთ დაღუპულის ოჯახისა და გუნდის წევრებს, მაგრამ კენჭი რომ ორგანიზატორების ბოსტანშია სასროლი, ამას წყალი არ გაუვა: დარბაზში, სადაც მოჭადრაკეები ისხდნენ, ძალიან ცხელოდა და თითქმის არ ნიავდებოდა. ამ პრობლემაზე პირველივე დღიდან ამახვილებდნენ ყურადღებას დელეგაციები, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა - ლუდის ქარხნის საწყობის ტერიტორია, ასეთი თამაშებისთვის სრულიად მოუმზადებელი და შეუფერებელი გამოდგა. არავინ იცის, სათანადო პირობებში რომ ეთამაშათ მოჭადრაკეებს, ეს ტრაგედია მოხდებოდა თუ არა, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, კურტ მეიერი კიდევ რამდენიმე ოლიმპიადას დაესწრებოდა...

უბედურება მარტო არ მოდისო და საღამოს, დახურვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სასტუმროს საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტის  ყრუ მოჭადრაკეთა გუნდის უზბეკი წევრი ალიშერ ანარკულოვი. სიკვდილის მიზეზი იმ დროისთვის დაუდგენელი იყო, თუმცა საქმეში ჩაერთო ტრომსოს პოლიცია და სისხლის სამართლის საქმეც აღძრა. სამწუხაროდ, ჯერჯეროით რაიმე სახის ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილთა ტრომსოდან სამშობლოში გადასვენების ყველა ხარჯს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია გაიღებს.

ასეთი  ტკივილიანი და მოულოდნელი დასასრული ჰქონდა ამ, ერთობ უცნაურ საჭადრაკო ფორუმს.  რომ არა ქართული დელეგაციის ის წარმატებები, რაც ზურაბ აზმაიფარაშვილს და ქალაქ ბათუმის კანდიდატურის გამარჯვებას ეხება, 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, ჩვენს მეხსიერებაში, ყველაზე ცუდად მოსაგონარი გაგვიხდებოდა. ბევრად მეტის მოლოდინი გვაქვს მომდევნო თამაშებისგან, რომელიც 2016 წელს ბაქოში გაიმართება. ბაქოელები ძალიან სერიოზულად არიან დაინტერესებული ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებით და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ყველა გამოწვევას თავს გაართმევენ. ჩვენ, ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ აზერბაიჯანელებისგან ბევრი რამ, რაც უთუოდ გამოგვადგება ბათუმში გასამართი ოლიმპიადის არანაკლები ხარისხით ჩატარებისთვის.

ზვიად შათირიშვილი

0.116414