ლეო მესიმ კატალონიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სესკ ფაბრეგასი და მე მალე კვლავ თანაგუნდელები გავხდებითო. ამან ჩრდილოლონდონური “არსენალის” გულშემატკივრების შეშფოთება გამოიწვია და მდგომარეობის გასარკვევად DAILY MIRROR-ის კორესპონდენტი “მეთოფეთა” ფრანგ დამრიგებელ არსენ ვენგერს დაუკავშირდა.
- ზოგიერთი საფეხბურთო მიმომხილველი ამტკიცებს, რომ “არსენალში” მოთამაშეები თავს კარგად ვერ გრძნობენ, ხშირად იღებენ ტრავმებს და დიდწილად ამის გამო რამდენიმეს “ემირეიტსიდან” აბარგებაც კი აქვს განზრახული. “ცეცხლზე ნავთი დაასხა” ლეო მესის განცხადებამ, აქაოდა, სესკ ფაბრეგასი მალე “ბარსას”, თავის აღმზრდელ გუნდს, დაუბრუნდებაო. ზოგიერთი კი უფრო “შორს წავიდა” და ამტკიცებს, სადღეისოდ ტრავმირებულ ფაბრეგასს “არსენალის” მაისურათი მოპაექრეს ვეღარ ვიხილავთო...
- საინტერესოა, საიდან მოაქვთ ადამიანებს ამგვარი ხმები. თითქმის 15 წელია, “არსენალს” ვუდგავარ სათავეში და აბა, მითხარით ჩემს ხელში გაუბედურებული ფეხბურთელი! დღემდე კოშმარივით მახსოვს რობერ პირესის ტრავმა. მისმა მწყობრიდან გამოსვლამ ყველანი საგონებელში ჩაგვაგდო, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება მკაცრი და დაუნდობელია და რობერის დაზიანება იმით სულაც არ იყო გამოწვეული, ჩვენ გუნდში რომ თამაშობდა. მეტსაც გეტყვით, მოთამაშეთა უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო “არსენალიდან” წავიდნენ, გუნდში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. კონკრეტულად ფაბრეგასს რაც შეეხება, 2006 წელს სესკმა “არსენალთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეთანხმების 3 წლით ავტომატურად გახანგრძლივება შეეძლება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ზომას ვიხმართ, ფაბრეგასი “ემირეიტსზე” 2014 წლის ზაფხულამდე რომ დარჩეს. ამის შემდეგ, მას გავათავისუფლებთ. საიმისო ფინანსები ნამდვილად გვაქვს, სესკი ჯამაგირით კმაყოფილი რომ დავტოვოთ. მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთ გამოსვლას ვგეგმავთ, ამიტომაც წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება გუნდის გეგმაში არ შედის.
- მესის წადილი გასაგებია – მას სურს გვერდს უმშვენებდეს ბავშვობის პარტნიორი და მეგობარი. ისე, ფაბრეგას-მესის ტანდემი მართლაც კარგი სანახავი იქნება...
- ლეოს სესკის გარეშეც მშვენიერი სანახავია. გაიხსენეთ, მისი მეოთხე გატანილი გოლი ჩვენს კარში. ამგვარი ოსტატობის გამოვლენა ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე მოთამაშეს თუ შეეძლო. მესი მინდორზე შეუძლებელს შესაძლებლად ხდის. თანაც, ამას ისე ძალდაუტანებლად აკეთებს, გეგონებათ, ვარჯიშზეაო. მას კიდევ 7-8 წელი შეეძლება ამგვარ დონეზე ასპარეზობა და დარწმუნებული ვარ, აქამდე არნახულ სიმაღლეებს დალაშქრავს.
- ახალი სეზონიდან შემადგენლობის შენარჩუნება ახსენეთ. საამისოდ რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოგიწევთ. “არსენალის” გულშემატკივრებს აინტერესებთ, მომდევნო ჩემპიონატში კვლავ იხილავენ თუ არა საყვარელ გუნდში სოლ კემპბელს?
- გადამჭრელ პასუხს ვერ გაგცემთ. გააჩნია, როგორ ითამაშებს კემპბელი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს. შესაძლოა, თავად მას აღარ მოუნდეს ჩვენთან თანამშრომლობა. სოლი 35 წლისაა, ტრავმებმა ფსიქოლოგიურად დაღალა და შიგადაშიგ იმასაც ეუბნება თქვენს კოლეგებს, ფეხბურთიდან წასვლაზეც კი ვფიქრობო. სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი უმთავრდება ვილიამ გალასს. მასთან მოლაპარაკება წამოვიწყეთ, დროებით შევწყვიტეთ, რადგანაც პრემიერლიგის საფინალო სწორზე ამისთვის “არ გვცხელა”. გალასთან მშვიდ ატმოსფეროში დავილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







