ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის A ლიგაში ერთბაშად 139 მონაწილე ჩაება, რომელთა შორის ერთი ქართველიცაა. ლევან აროშიძეს (2581) ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნია, მის წინ კი ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი (2603) და აზერბაიჯანელი ნიჯატ მამედოვი (2601) არიან.
ექვსი ტურის თავზე 5.0 ქულით რვა მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის ხსენებული სამეულიცაა. აროშიძეს დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 პოზიცია უკავია, ლიდერებში კი უკრაინელი ვიტალი ბერნადსკი (2462), ინდოელი აბჰიმანუ პურანიკი (2006), ესპანელი ხუან კუბას პონსი (2335), ჩეხი მარეკ ვოკაჩი (2471) და პოლონელი მიხალ მატუშევსკიც (2335) იმყოფებიან.
აროშიძემ პრაღაში ოთხი პარტია მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე ხსენებული მატუშევსკია, რომელსაც ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით დაუპირისპირდება.
ჩეხური ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს და 20 იანვარს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 50 ათასი ჩეხური კრონაა (დაახლოებით 2 ათასი ევრო), საიდანაც გამარჯვებული 15 ათასს (600 ევრო) მიიღებს.







