ქართველი მოჭადრაკე ლევან აროშიძე (2545) ესპანეთში ბალეარის კუნძულებზე იმყოფება და მალიორკას საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს, სადაც მის გარდა ხუთი ესპანელი, ხორვატი, გერმანელი, ბულგარელი და ჩინელი მოჭადრაკეები თამაშობენ.
ტურნირზე უკვე სამი ტური მიილია, აროშიძის მონაგარი კი 2 ქულაა. ლევანმა ბულგარელ დოვრამაჯიევს (2342) სძლია, ყაიმები კი გერმანელ ბერგერთან (2423) და ესპანელ პონსთან (2389) გააფორმა.
აღნიშნული შედეგით ქართველი მოჭადრაკე მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ლიდერებს – ესპანელ გარსიასა (2326) და ხორვატ ლალიჩს (2492) ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მალიორკას ტურნირზე სულ 9 ტურია დაგეგმილი, აროშიძის შემდეგი მეტოქე კი ხსენებული ლალიჩი იქნება. თეთრი ფიგურებით ქართველი ითამაშებს, რომელსაც მონაწილეთა შორის უმაღლესი რეიტინგი აქვს.







