22 ივლისს სპორტკომპლექს „არენაში“ საკალათბურთო კლუბ "არმიას" ასაკობრივი ჯგუფების კემპის დასკვნითი დღე იყო. დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობამ ორგანიზატორთა მოლოდინს გადააჭარბა. 148 ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი „არმიას“ კემპში ჩართულიყო და სამი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს. მათგან რამდენიმე შემდგომში მოღვაწეობასაც გააგრძელებს ამ კლუბში.
ასაკობრივი ჯგუფებისთვის ახალგაზრდების შერჩევის გარდა, სამდღიანი კემპი მოიცავდა ფიზიკურ მომზადებას, ვარჯიშებს და თამაშს. ახალგაზრდებს ვარჯიშებს კლუბ „არმიის“ სამწვრთნელო შტაბი (კოტე ტუღუში, ზვიად ბაბიაშვილი, ბუბა მხეიძე და სხვები) უტარებდა.
დასკვნითი დღისთვის უკვე შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდა ბოლო ვარჯიში და თამაში, სადაც 44 ბავშვი მონაწილეობდა, თუმცა, როგორც შემდგომში „არმიის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა, ეს საბოლოო რიცხვი არაა და 18-წლამდელებში კიდევ ერთი შემცირება იქნება. მაგრამ აქვე დასძინა, რომ არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება, რადგან საკმაოდ ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
კოტე ტუღუში („არმია“, მთავარი მწვრთნელი): „არმიის“ დაარსების პირველივე დღიდან ახალგაზრდების შეკრების დიდი სურვილი გვქონდა. კალათბურთის ხელშეწყობის მიზნით, გვინდოდა ამ ივენთის ჩატარება. მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით, სადაც ხდება სხვადასხვა გუნდებიდან საუკეთესობის არჩევა, არ გვინდოდა იდენტური პოლიტიკის გატარება და კემპში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო.
კეპმა ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე ბევრად მეტი ბავშვი დარეგისტრირდა, ვიდრე ველოდით. 16-წლამდელებში - 54, 18-წლამდელებში - 94, რაც თავისთავად სოლიდური მაჩვენებელია. საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვიყავით - იყო ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და არჩევა გაგვიჭირდა. დღეს უკვე ოცი 16-წლამდელი და ოცდაოთხი 18-წლამდელია, თუმცა რამდენიმეს გავუშვებთ, ხოლო დანარჩენები 10 აგვისტოდან „არმიას“ ვარჯიშებში ჩაერთვებიან. კემპი მთლიანად ჩვენი კლუბის მიერ არის ორგანიზებული. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიდა. იმედია, მოლოდინს გაამართლებენ და მომავალ სეზონში ჩვენი კლუბის სახელს დაიცავენ.
ჯაბა ჯიქურაშვილი (კემპის მონაწილე, U-16): „4 წელიწადია კალათბურთს ვთამაშობ „მართვეში“. კემპის შესახებ წორლდსპორტ.გე-დან გავიგე. კემპი კარგად იყო ორგანიზებული, ძალიან მომეწონა. ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე იყო გაკეთებული. საკმაოდ დიდი კონკურსი გახლდათ. 16-წლამდელების ერთ-ერთი რჩეული გავხდი. „არმიაში“ დარჩენას და თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. ზოგადად, „არმია“ დალაგებული გუნდია, სადაც დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევენ“.