ბოლო დროს შექმნილი პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ექსჩემპიონი “არმია” არ დაიშლება და 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში საქართველოში არსებული ყველა ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “არმია” სამი საკალთბურთო სეზონია რაც არსებობს და საქართველოში ყველა ტიტული (საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი, საქართველოს სუპერთასი, დუდუ დადიანის მემორიალი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი) მოიგო. “არმიამ” 2012-13 წლების სეზონიც კარგად დაიწყო - დადიანის მემორიალი მოიგო, მაგრამ მეორე წრეში ფინანსური პრობლემა შეექმნა და გუნდიდან 5 წამყვანი კალათბურთელის (კურტის მილიჯი, დამეინ ვილსონი, მარკუს ფეისონი, იოაკიმ შელბომი, ვლადიმერ ბოისა) წასვლის შემდეგ ჩემპიონობის, თასის, სუპერთასისა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის მოგება ვეღარ შეძლო და მხოლოდ სუპერლიგის ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.