ყველა სურვილი ისე აუხდა worldsport-ის მკითხველს, როგორც მე, აკი ვნატრობდი, ქართველი ვინმე დამანახა-მეთქი და ვარშავაში გუშინდელი თამაშის წინ, რუსეთისა და პოლონეთის მატჩისწინა სააკრედიტაციო დახლთან ყველასათვის ნაცნობი ჭაღარა მამაკაცი რომ შევნიშნე, შორიდანვე, ცნობილი ქართული ფილმიდან დავუსვი კითხვა:
- მოქალაქევ, ბილეთი გაქვთ?
- არის თუ არა ეს ბილეთი? იპოლიტეს უკვდავი ფრაზითვე მიპასუხა დავით ქლიბაძემ და მედია ბილეთი მაღლა შემართა... გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ქლიბაძე თურმე იტალია-ესპანეთზეც ყოფილა, მაგრამ რას ვნახავდი, მილეთის ხალხი მოაწყდა იმ დღეს გდანსკის სტადიონს.
მკითხველს ევროპირველობის გამო ჩემი რომ შეშურდა, გასაგებია და მე კი აბა ქლიბაძისა მშურდა თუ მშურდა ყმაწვილკაცობისას – იგი 1962 წლიდან მუშაობს საქართველოს ტელევიზიაში, ანუ უკვე 50 წელია!!! მე დაბადებულიც არ ვიყავი და ბატონ დათოს 1978 წლიდან არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ გამოუტოვებია... წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვს ნანახი? რაც გავიცანი, სულ ვუკიჟინებ – წიგნი დაწერე-მეთქი, სულ მპირდება, მაგრამ ჯერ დაწერის პირი არ უჩანს. მოკლედ, მობილურები გავცვალეთ და აწი ხშირად ვიკონტაქტებთ. შუა ლაპარაკში ვიყავით რომ ერთი ბელგიელი ჟურნალისტი მომადგა, voetbalkranti.qom-იდან ვარ, ზეგ გერმანია-ჰოლანდიაზე ვერ მივდივარ ხარკოვში, გავაგზავნე თხოვნა, რომ აკრედიტაცია გამიუქმეთ და პასუხი არ მომსვლია, ვნერვიულობ, ყვითელი ბარათი არ მივიღოო (ამ პროცედურის შესახებ ვწერდი წინა ნომრებში)... გაკვირვებული ვუყურებდი, ხომ არ მეხუმრება-მეთქი. მერე ხუმრობითვე ვუთხარი, ხალხი ამ თამაშის გამო ჩამოდის უკრაინაში და შენ რა გეტაკა-მეთქი? თვითმფრინავის ბილეთები არ არის და 28 საათი უნდა ვიმგზავრო მატარებლითა და ავტობუსითო... ეეჰ, მომაგონდით ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები, გული მეტკინა, ტუჩზე ვიკვნიტე და უეფას შესაბამის დეპარტამენტში ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს გადავუგზავნე შეტყობინება ინტერნეტით, ვერ მოდის და გაუუქმეთ-მეთქი. სამ წუთში პასუხი მომივიდა, გავუუქმეთო, რამაც იმ ბელგიელის გახარება გამოიწვია – ყვითელ ბარათს აღარ მომცემენო... ისე, შიშს დიდი თვალები აქვს და რაკიღა ბევრ ჟურნალისტს შეექმნა სატრანსპორტო თუ სხვა პრობლემა, ერთმანეთს ასწრებენ უეფას შეატყობინონ თუ თამაშზე ვერ მიდიან... არადა, უეფამ მეტად გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კარგად მახსოვს, გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე რამხელა რიგები იდგა ჩვენი კოლეგებისა, მედია ბილეთს რომ ელოდებოდნენ... ვიღაცა კი აინუნშიაც არ აგდებდა, არ ატყობინებდა მედიაცენტრს და ზედ თამაშის წინ არიგებდნენ ხოლმე გაუქმებულ აკრედიტაციებს, რაც მეტად დიდ აჟიოტაჟსა და ნერვიულობას იწვევდა. როგორც მითხრეს კოლეგებმა, საერთო ჯამში უკვე 2000 გაუქმება მოსულა… ეეჰჰჰ, სადა ხართ ქართველებო?
გუშინ რუსეთის ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა პირველი ადგილის ვადამდე დასაკავებლად, გადასარევად ითამაშა მეორე ტაიმი პოლონეთმა და ტრიბუნებმა ისე აუბა მხარი, 8 770 რუსი გულშემატკივრის ხმა სულ ჩაიკარგა. მერაბ მამულაშვილისგან ვიცი მისი ჩამომავლობის ამბავი და ნახეთ გურჯაანში გაზრდილი ძაგოევი? 22 წლის ბიჭი 2 ტურის მერე 3 გოლით ევროპირველობის საუკეთესო ბომბარდირების სიას ლიდერობს მარიო გომესთან ერთად!!! მისი კარგი თამაშით აღფრთოვანებულმა რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ალანის მშობლები უფასოდ ჩამოიყვანა პოლონეთში და ტურნირის ბოლომდე საკუთარი ხარჯით აცხოვრებს!
თამაშის მერე ადვოკაატი ძალიან გულდაწყვეტილი კი იყო, მაგრამ დამინახა თუ არა, ჩემი თხოვნა ყურად იღო, ჯერ რუსულ, მერე გერმანულ, მერე ჰოლანდიურ ტელეარხებს და თქვენ წარმოიდგინეთ, “ალ ჯაზირასაც” უპრობლემოდ დაელაპარაკა. “ალ ჯაზირას” სხვა კორესპონდენტი ჰყავდა ამ თამაშზე მოვლენილი და ეტყობა, იმ წინა კოლეგებისგან ისე იყო დარიგებული, ჩემს `შესაძლებლობებზე~, არც უნერვიულია, ყინჩად იდგა და მერეღა მომიხადა მადლობა. გაიგებდით ალბათ, რა პირობები აქვთ და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქედანვე ისე ემზადებიან, ხელოვნური ღრუბლების ამბავი უკვე მოუგვარებიათ და სხვა მიწიერ ამბებზე ფიქრობენ ახლა. ისე, არაბულს მაინც ვამტვრევდე ცოტას. 2022-ში მეც სიამოვნებით წავიმუშავებდი ყატარში, საფეხბურთო ვარსკვლავები რომ მიდიან ბოლო სათამაშო სეზონები არაბეთში, და სანდრო ცნობილაძის ცნობილი ფრაზისა არ იყოს – ორ კაპიკს გავაკეთებდი !
თამაშის დამთავრების შემდეგ ფეხით წამოვედი სასტუმროსკენ, მაინტერესებდა, ქალაქში საინტერესო ხომ არაფერი ხდებოდა (რუსმა ჟურნალისტებმა მითხრეს ჩხუბის ამბავი) ჩემდა გასაკვირად, არც ავტობუსი მოძრაობდა ღამის 12 საათის შემდეგ, არც ტრამვაი, ტაქსებიც სადღაც დაკარგულიყვნენ, ათასობით პოლონელი და ტურისტი ფეხით დაიარებოდა დედაქალაქის ცენტრში, მოკლედ, ვარშავაში აბსოლუტური მშვიდობა სუფევდა და პოლიციელთა დიდი რაოდენობაც მშვიდად ასრულებდა სამსახურს...
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის, ვარშავიდან
ავტორის ფოტო







