საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის, სადაც საქართველო 4 მონაწილითაა წარდგენილი: მერი არაბიძე (2379), ნანი უნაფქოშვილი (2011), შალვა ნადირაშვილი (2137) და დიმიტრი კვარაცხელია (2072).
პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ არაბიძემ მოახერხა. 18-წლამდელთა შორის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონმა, რომელიც ათენში მე-5 ნომრადაა განთესილი, თეთრი ფიგურებით სლოვენიელი სპელა კოლარიჩი (2017) დაამარცხა.
რაც შეეხება უნაფქოშვილს, მან შავებით გერმანელ კლეკ ჰანა-მარისთან (2248) წააგო. მე-2 ტურში არაბიძე შავი ფიგურებით ინდოელ ბახტი კულკამის (2159) ეთამაშება, ხოლო უნაფქოშვილი თეთრებით – ალბანელ ტუზი ბრუნას (1546).
ვაჟთა ტურნირში ნადირაშვილი თეთრი ფიგურებით უნგრელ ოლივერ მიჰოკს (2456) დაუზავდა, კვარაცხელია კი შავებით ჩინელ იი ვეისთან (2418) დამარცხდა. მე-2 ტურში ნადირაშვილი შავებით აზერბაიჯანელ ულვი ბაიარანის (2446) დაუპირისპირდება, ხოლო კვარაცხელია თეთრებით – ავსტრალიელ ენდრიუ ბრაუნს (2296).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება, დასკვნითი ტური 15 აგვისტოს შედგება, დასვენების დღე კი 9 აგვისტოა.







