ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2379) საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით მე-13 ტურში შავი ფიგურებით უნგრელი კლარა ვარა (2181) დაამარცხა და თავი 9.0 ქულას მოუყარა. შედეგად, არაბიძემ ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა, რომელზედაც ტურნირის წინ გახლდათ განთესილი.
არაბიძემ 6 პარტია მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი მე-11 ტურში პერუელ დეისი კორისთან (2413) განიცადა და ისე გამოვიდა, რომ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი სწორედ ამ წარუმატებლობამ დააკარგვინა.
საბოლოოდ, ოთხმა მოჭადრაკემ – ქი გუომ (ჩინეთი, 2358), ნასტასია ზიაზულკინამ (ბელორუსი, 2342), ანასტასია ბოდნარუკმა (რუსეთი, 2414) და აულია მედინა ვარდამ (ინდონეზია, 2218) ქულების თანაბარი რაოდენობა (9.5) დააგროვა და ადგილებიც აღნიშნული თანმიმდევრობით განაწილდა. გოგონათა ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ნანი უნაფქოშვილმა (2011) 7.0 ქულით 28-ე ადგილი დაიკავა.
ვაჟთა ჩემპიონატის გამარჯვებული თურქეთის სახელით მოთამაშე ალექსანდერ იპატოვი (2477) გახდა, რომელმაც 10.0 ქულა მოაგროვა და უნგრელ რიჩარდ რაპორტს (2605) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. შალვა ნადირაშვილმა 6.0 ქულით 79-ე ადგილი დაიკავა, დიმიტრი კვარაცხელია (2093) კი 5.5 ქულით 95-ე გახლდათ.







