ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე (2329) ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. არაბიძემ წარმატებას 18-წლამდე გოგონათა ტურნირში მიაღწია, სადაც ცხრა ტურში რვა გამარჯვება იზეიმა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
არაბიძემ დასკვნით ტურებში უნგრელ პეტრა პაპსა (2265) და აზერბაიჯანელ ნარმინ კაზიმოვას (2241) სძლია და მეტოქეთათვის მიუწვდომელი შეიქმნა. მერიმ ბრაზილიაში ერთადერთი მარცხი რუს ალინა კაშლინსკაიასთან (2377) განიცადა, რომელმაც 7.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ბრინჯაო კი მონღოლ ალტანუზლი ენხტუულს (2183) ერგო.
14-წლამდელთა ტურნირში ცხრა ტურში 5.0 ქულა მოაგროვა ნინო ხომერიკმა, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით 29-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2313) გახდა, რომელმაც ყველა პარტია მოიგო.
ქართველი მოჭადრაკეები თბილისში სამშაბათს გამთენიისას დაბრუნდებიან, ტურნირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია კი 29 ნოემბერს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.







