ჭადრაკი

23:59 | 12.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ლიდერთა სამეულშია

ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე (2379) იმ სამეულში იმყოფება, რომელიც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოგებაზე უმთავრეს პრეტენზიას აცხადებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მასპინძლობს, არაბიძე კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მედლებისთვის იბრძვის.
მსოფლიოს პირველობაზე უკვე 10 ტური მიილია და როგორც აღვნიშნეთ, გოგონათა ტურნირს სამი ლიდერი ჰყავს. მათ 7.5-7.5 ქულა აქვთ და დამატებითი მაჩვენებლებით ასე არიან განლაგებულნი: 1.ქი გუო (ჩინეთი, 2358), 2.დეისი კორი (პერუ, 2413), 3.მერი არაბიძე.
გასულ ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით სწორედ ხსენებულ გუოს დაუზავდა, მე-11 ტურში კი თეთრებით ძალებს უკვე კორისთან მოსინჯავს. რაც შეეხება ნანი უნაფქოშვილს (2011), მას 4.5 ქულით 65 მონაწილეს შორის 41-ე ადგილი უკავია.
ვაჟთა ტურნირში 130 მონაწილეა, ქართველებს კი კარგი შედეგები ნამდვილად არ აქვთ. დიმიტრი კვარაცხელია (2093) 4.0 ქულით 99-ეა, ხოლო შალვა ნადირაშვილი (2151) 3.5 ქულით 108-ე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162431