ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2379) საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-8 ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი შეინარჩუნა.
გასულ ტურში მე-5 რეიტინგის მქონე არაბიძემ შავი ფიგურებით მე-8 ნომერი იუე ვანგი (ჩინეთი, 2355) დაამარცხა და თავი 6.0 ქულას მოუყარა, რაც ერთპიროვნულ ლიდერ ნასტასია ზიაზულკინას (ბელორუსი, 2342) მაჩვენებელს 0.5 ქულით ჩამორჩება. არაბიძე, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთეა, მორიგ ტურში თეთრებით რუმინელ ირინა ბულმაგას (2380) დაუპირისპირდება.
გოგონათა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ნანი უნაფქოშვილი (2011) 3.0 ქულით 50-ეა, ხოლო ვაჟებში წარმატებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით: შალვა ნადირაშვილი (2151) და დიმიტრი კვარაცხელია (2093) 3.5-3.5 ქულით, შესაბამისად, 82-ე და 84-ე პოზიციებზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება.







