ფეხბურთი

11:26 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “მხოლოდ ნახევარი საათი ვითამაშეთ”

 

მადრიდის “რეალის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი, “სოსიედადთან” წაგებული მატჩის (2:4) შემდგომ, პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ანჩელოტი ძალიან უკმაყოფილო იყო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგითა და თამაშით, შეხვედრის ბოლო ერთ საათში.

“ამ შეხვედრის შეფასება ადვილი არაა. ეს იყო ორი მატჩი. პირველი ნახევარი საათი ძალიან კარგი გამოდგა. სიტუაციას ვაკონტროლებდით და ხარისხიანად ვთამაშობდით. მომდევნო ერთი საათი კი, ძალიან ცუდად ჩავატარეთ. ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდა. ძალიან ვწუხვარ და უკმაყოფილო ვარ, შედეგითა და თამაშის ხარისხით ბოლო ერთ საათში.

ეს არის მარცხი, რომელიც ძალიან არ მიყვარს. შესაძლოა, ზოგჯერ თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ, როდესაც 0:2 იგებ, მატჩის ბოლომდე კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანო. გუნდში რაღაცაა შესაცვლელი და ის აუცილებლად შეიცვლება.

დაცვამ ძალიან ცუდად ითამაშა. არ იყო შეკრული და ბევრ შეცდომას უშვებდა. ეს მარცხი არაფერ შუაშია გუნდიდან წასულ ფეხბურთელებთან. “რეალმა” პირველი ნახევარი საათი ითამაშა და შემდგომ თამაში შეწყვიტა. როდესაც, გუნდს განწყობა არ აქვს, არანაირი აზრი არ აქვს ითამაშებს თუ არა ხაბი ალონსო.

კლუბის ახალწვეულებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დრო სჭირდებათ. ისინი გუნდს ეჩვევიან. მათთვის დღეს თამაში უფრო რთული იყო”. – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს “ბლანკოსის” ოფიციალური ვებგვერდი. 

“რეალი” აღნიშნულ შეხვედრას მე-11 წუთზე, ბეილისა და რამოსის გოლებით 0:2 იგებდა, მაგრამ 35-ე წუთიდან მოყოლებული მასპინძლებმა 4 გოლის გატანა მოახერხეს და “ბლანკოსი” 4:2 დაამარცხეს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.112512