ფეხბურთი

13:27 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: "როდესაც შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი, მხოლოდ მოგებაა"

ცვლილება: ქობალიას ნაცვლად, ქვილითაია


 

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შესარჩევ მატჩებზე ისაუბრა. როგორც იცით, ახალგაზრდული ნაკრები 10 ოქტომბერს ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 14-ში – შოტლანდიას. ორივე შეხვედრა "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

ჩივაძე: - იცით, რომ უაღრესად მნიშვნელობვანი მატჩები გველის. ასევე ორი შეხვედრა გველის ნოემბერში: 14-ში შოტლანდიასთან გასვლაზე და 18-ში შინ სლოვაკეთთან. ბოლო ცვლილება, რაც ნაკრებში მოხდა, ირაკლი ქობალიას ("ზესტაფონი") ნაცვლად გიორგი ქვილითაიას ("დილა") გამოძახებაა. ქობალია შეუძლოდ იყო, სიცხე ჰქონდა და თანაც, ბოლო მატჩი გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო. რაც შეეხება გიორგი ილურიძის საკითხს, მან გუშინწინ ითამაშა "ჰაიდუკში", 61-ე წუთზე შეცვალეს და დავუკავშირდებით. თუ არავითარი პრობლემა არ აქვს, გამოვიძახებთ. 

- ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, აქცენტი მთლიანად ჰოლანდიასთან მატჩზე გექნებათ გადატანილი. კარგი შემადგენლობა გყავთ, არაერთი ფეხბურთელი უცხოეთში წარმატებით თამაშობს. თუ გაქვთ არჩეული სათამაშო მონახაზები, რას დაუპირისპირებთ ჰოლანდიელებს? 

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ სათამაშო პრაქტიკის მხრივ ბევრ ფეხბურთელს აქვს პრობლემა. მაგალითად, გიორგი პაპავას "დინამოში", ბოლო პერიოდში დავით სხირტლაძეს "ორჰუსში", ლაშა პარუნაშვილს "სიონში". თუმცა პარუნაშვილის შემთხვევა სხვაგვარია: მან ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ "დინამოდან" განათხოვრებულს, "დინამოს" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა. თორნიკე ოქრიაშვილმაც გამოტოვა გასული ტური, დისკვალიფიკაცია ჰქონდა. სხვა ფეხბურთელებიც არიან პრაქტიკის გარეშე. რაც უნდა იყოს, ჩვენ შედეგზე უნდა ვითამაშოთ და მაქვს წინასწარი მონახაზი. ამას ვარჯიშებზე დავხვეწთ.

- ჰოლანდიასთან ფრე დაგაკმაყოფილებთ?

- როდესაც შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგებაა. ვნახოთ, როგორი იქნება თამაშის სცენარი და მიმდინარეობა.

- ანანიძე და ოქრიაშვილი ჰოლანდიასთან იქნებიან, მერე კი ეროვნულ ნაკრებში გადაინაცვლებენ. მათ ნაცვლად სხვებს გამოიძახებთ, თუ იგივე შემადგენლობას დატოვებთ?

- გამოვიძახებთ. გვაქვს სია და მოგვიანებით გეტყვით.

- არ გქონიათ თემურ ქეცბაიასთან საუბარი იმაზე, რომ ანანიძე და ოქრიაშვილი შოტლანდიასთან მატჩისთვისაც დაგეტოვებინათ? 21-წლამდელთა ნაკრებს ხომ უფრო მნიშვნელოვანი თამაში ელის.

- სიტყვიერი შეთანხმება ასეთი გვაქვს, რომ ანანიძე და ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებს ესპანეთში გაჰყვებიან, თუმცა ვნახოთ...

- შემადგენლობა სრულად როდის გეყოლებათ "ბასაზე"?

- დღეს საღამოს ყველანი უკვე ადგილზე იქნებიან.

შეხსენებისთვის, ჩივაძის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის III ჯგუფში ორი მატჩი უკვე გამართა და ორივე გასვლაზე: ლუქსემბურგს 3:0 სძლია, ხოლო სლოვაკეთთან 0:1 წააგო.

სია ჰოლანდიასთან მატჩისთვის:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), ნიკოლოზ შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია ("დილა")

0.123251