როგორც იცით, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს როგორც ეროვნულ, ასევე 21-წლამდელთა ნაკრების სიაში არიან. თემურ ქეცბაიას გუნდს 15 ოქტომბერს ელის შეხვედრა ალბასეტეში ესპანეთთან, ალექსანდრე ჩივაძის ნაკრები კი ორ საშინაო შეხვედრას გამართავს: 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან და 14-ში შოტლანდიასთან.
სიტუაციის გასარკვევად "მსოფლიო სპორტი" ალექსანდრე ჩივაძეს დაუკავშირდა:
"ანანიძე და ოქრიაშვილი ჰოლანდიასთან მატჩისთვის დაგვეხმარებიან, შემდეგ კი ესპანეთში გაემგზავრებიან ეროვნულ გუნდთან ერთად. ანუ, შოტლანდიასთან უკვე აღარ გვეყოლებიან. ასე შევთანხმდით".
და რაც შეეხება ილურიძის ტრავმის საკითხს:
"გიორგის ველაპარაკეთ და გვითხრა, რომ ტრავმა აქვს."
აქვე ვთქვათ, რომ ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ალბერტ სტუივენბერგი შემადგენლობას პარასკევს დაასახელებს. მათ ერთი წამყვანი ფეხბურთელი აუცილებლად დააკლდებათ: "ჩელსის" ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო.