ფეხბურთი

19:26 | 6.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალექს გარსიამ სათქმელი თქვა: "ეს არაა წყნარი გარემო"

"ვიტ ჯორჯია"-"დინამო" 2:2. ალექს გარსიას გუნდმა კიდევ ერთი მატჩი ვერ მოიგო და ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ესპანელი მწვრთნელისგან მოვისმინეთ ის, რაც ნამდვილად არ გაგვკვირვებია... კარგა ხანია, გვესმის, რომ დიდი შანსია, გარსია დეკემბერში მოხსნან და ისიც კარგა ხანია გვესმის, რომ ამ კაცს მშვიდად მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
ჯერ "ვიტ ჯორჯიის" მწვრთნელ ზურაბ ბერიძის სიტყვები: "ვიცოდით, რომ ძალიან კარგ გუნდთან მოგვიწევდა შეხვედრა. სწრაფი გოლი გავუშვით და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მალე გავათანაბრეთ. მეორე ტაიმში კი "ვიტ ჯორჯიამ" გაცილებით კარგი ფეხბურთი აჩვენა. შემტევ თამაშს ვგულისხმობ".
ბერიძემ ცალკე თქვა გარსიაზე: "მოხარული ვარ, რომ ასეთი ბრწყინვალე პიროვნება და სპეციალისტი მუშაობს ჩვენს ჩემპიონატში. ალექს გარსიას წარმატებას ვუსურვებ და აქვე ვიტყვი, რომ "დინამო" საუკეთესო გუნდია ამ სეზონში. ყველა გუნდს ვეთამაშეთ და აქედან გამომდინარე ვამბობ".
ალექს გარსიას კითხვა დავუსვით, ხომ არ ეშლება მას გუნდის მართვაში ხელი:
- უშუალოდ გუნდში, ფეხბურთელებთან მუშაობაში პრობლემა არაა, მაგრამ გუნდს მიღმა ნამდვილად არაა წყნარი გარემო. წარმოიდგინეთ, ყოველი მატჩი ისეთია, თითქოს ბოლო იყოს. გარედან ვიგებ, რომ ორ თვეში გუნდის აწყობა ვერ მოვახერხე და უნდა გამათავისუფლონ. სამწუხაროა, რომ ეს მესმის გარედან.
- როგორც ამბობენ, "დინამო" დეკემბერში თუ პირველ ადგილზე არ იქნება, გარსიას გაათავისუფლებენო. მართალია?
- არ ვიცი, ამას ამბობენ გარედან. მე ის ვიცი, რომ "დინამოში" ჩემი მუშაობის ბოლო წუთამდე ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდის საკეთილდღეოდ.
- აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ზაფხულში "დინამოს" შემადგენლობა, ფაქტობრივად, თქვენ არ დაგიკომპლექტებიათ.  
- ასეა. უცებ დავიწყეთ სამზადისი და ევროპის ლიგის მატჩები მოახლოებული იყო. მე "დინამოს" ყველა ფეხბურთელს ბოლომდე დავიცავ, მაგრამ თავად განსაჯეთ, როდესაც გარედან იგებ გუნდიდან შესაძლო გათავისუფლებაზე და როცა ყველა მატჩი უკანასკნელივითაა, ეს რამდენად წყნარი გარემოა?
- "ზესტაფონი", "მეტალურგი", "ტორპედო" – ამ გუნდებიდან რომელს მიიჩნევთ საჩემპიონო რბოლაში უმთავრეს მეტოქედ?
- ჩვენი თავის ყველაზე რთული მეტოქე ჩვენ თვითონ ვართ.

არ ვიცით, ვინ და რატომ ელოდა, რომ "დინამო" ჩემპიონატში ყველა მატჩს მოიგებდა. თან, ასეთ მოკლე დროში გუნდის ჩამოყალიბება ძნელია და მითუმეტეს, ასეთ გარემოში. გარსია სწორს ამბობს – ძნელია, მწვრთნელს ნდობის კრედიტი არ ჰქონდეს, სულ "აი, გარსიას მოხსნიან. აი, ახლა, აი, ახლა"-ს ისმენდეს და წყნარად იმუშაოს.
მოდით, ვთქვათ, გარსიას მოყვანილმა ესპანელმა ფეხბურთელებმა ვერ გაამართლეს? ჩისკო "ვიტ ჯორჯიასთანაც" საუკეთესო იყო და ჩემპიონატის ბომბარდირთაგანია. ალვაროს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი – ამდენი მიმდინარე სეზონში არცერთ ნახევარმცველს არ გაუტანია. არც კარლეს კოტოა ისეთი ფეხბურთელი, ვინმეს დასაცინი რომ გახდეს. ერთადერთი იაგუეა, რომელმაც (ევროპის ლიგის რამდენიმე მატჩი რომ არ ჩავთვალოთ) ჩემპიონატის მატჩები ჩააგდო.
ხშირად გვესმის, ესპანელები უკეთ უნდა თამაშობდნენო. კი ბატონო, ეს ვის არ გაუხარდება, მაგრამ ნუთუ, იმაშიც შეგვედავება ვინმე, რომ გოლების ლამის ორი მესამედი ესპანელებს გააქვთ?    
მოვა დეკემბერიც და გარსიას თუ საშუალება მიეცემა, თავად დააკომპლექტებს შემადგენლობას. საქმეც ესაა, "თუ მიეცემა"... დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საეჭვოა, დეკემბერში ესპანელს კარტ-ბლანში მისცენ.
მიუხედავად იმისა, რომ "დინამო" ჩემპიონატში უპირობო ლიდერად ვერ იქცა და თასიდანაც გავარდა, მაინც ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხით უკეთესია, ვიდრე წინა ორ-სამ წელიწადში იყო. მეტი რომ შეძლოს, ამისთვის მწვრთნელის მიმართ ნდობაა საჭირო და არა – ჩასაფრება...
 

 

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172216