ინტერვიუები

10:17 | 1.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: "გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია"

მიუნხენის “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” საჩემპიონთალიგო დაპირისპირების პირველმა შეხვედრამ მოლოდინისამებრ დაძაბულად, საინტერესოდ ჩაიარა და ასევე მოლოდინისამებრ ნახევარფინალში გასვლის მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი ორივე გუნდს დაუტოვა. მატჩის მსვლელობამ და შედეგმა უკმაყოფილო დატოვა ინგლისური გრანდის შოტლანდიელი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, რის თაობაზეც ოლდ ტრაფორდელთა დამრიგებელმა The Sun-ის კორესპონდენტ ნილ კესტისთან საუბრისას დაუფარავად განაცხადა.
- თქვენმა გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, რასაც შესაფერისი გაგრძელება ვერ მოჰყვა...
- მართალია ლამის პირველსავე შეტევას გოლი მოვაყოლეთ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყოდი, რომ კარგად დავიწყეთ. ბურთი იოლად, ოფლის დაუღვრელად გავიტანეთ, რამაც გაგვათამამა და მოწინააღმდეგეს თამაშის კონტროლის საშუალება მივეცით. ამის მიუხედავად, ჩვენს დუელში ინტრიგის დასრულება უკვე მიუნხენში შეგვეძლო. გავიხსენოთ როგორი ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა უეინ რუნიმ და ნემანია ვიდიჩის თავურის შემდეგ “ბაიერნის” ხარიხას შეზანზარება. თუმცა, ვაღიარებ, რამდენიმე ეპიზოდში რომ გაგვიმართლა, ამასთან, ვან დერ სარის საიმედო თამაშმაც გადაგვარჩინა.
- მთლიანობაში როგორ შეფასებას მისცემდით “მანჩესტერის” გამოსვლას?
- აკი მოგახსენეთ, უკმაყოფილო ვარ. ბოლო წლებში “იუნაიტედის” ასპარეზობის საკვანძო ასპექტი ბურთის კონტროლია, ბავარიელების წინააღმდეგ გამოსვლისას კი სწორედ ამ მომენტში მოვიკოჭლებდით. ერთი სიტყვით, მარცხში თავად ვართ დამნაშავენი. “ბაიერნი” კი მხოლოდ საქებარი სიტყვებით შემიძლია მოვიხსენიო. გერმანელებმა სწრაფი ტემპი შემოგვთავაზეს და ბურთის ზუსტი გათამაშების მეშვეობით უპირატესობაც მოიპოვეს. მეტოქემ ასპარეზობის მიწურულს მისთვის სასურველ რეზულტატს მიაღწია. მე კი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა – გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. კომბინაციური ასპარეზობა “იუნაიტედის” საფირმო ნიშანია, მაგრამ როცა ასე ხშირად, გაუმართლებელ სიტუაციებშიც კი, ჰკარგავ ბურთს, სასიკეთო შედეგს არ უნდა ელოდო.
- თქვენი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ “ბაიერნის” გოლები მათი იერიშების ლოგიკური დასასრული არ ყოფილა და უფრო ფორტუნას წყალობა გახლდათ...
- დიდწილად გეთანხმებით. პირველი გოლის დროს ედვინი რიკოშეტმა დააბნია. ამ ეპიზოდში “ბაიერნს” გაუმართლა. ფეხბურთში ასეთი რამ ხშორად ხდება ხოლმე. მეორე გოლი კი ჩვენი უგერგილობის შედეგია. იმ მომენტის გახსენებაც კი არ მსურს. ჩვენმა ბავშვურმა შეცდომამ და ოლიჩის მონდომებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
- “ოლდ ტრაფორდზე” ჩასატარებელ განმეორებით შეხვედრას როგორი განწყობით შეხვდებით?
- წაგების მიუხედავად, იმედიანად. ბოლოს და ბოლოს, გასვლით მატჩში გოლი გავიტანეთ, რაც პოზიტიური მომენტია. “იუნაიტედს” ნახევარფინალში გაღწევის რეალური შანსი აქვს, თუმცა, გუნდმა თავისი საუკეთესო თვისებები სრულად უნდა წარმოაჩინოს. უპირველესად, ჩემს მიერ უკვე ნახსენებ კომბინაციურ თამაშს და ბურთის ფლობის მეშვეობით, მინდორზე კონტროლის დაწესებას ვგულისხმობ. გარწმუნებთ, საკუთარ მინდორზე სულ სხვაგვარად ვითამაშებთ და სრულფასოვანი რევანშის აღებაზეც ვიზრუნებთ.
- რამდენად სერიოზულია რუნის მიერ მიღებული ტრავმა?
- უეინმა ფეხის ტერფი დაიზიანა. ტრავმის სირთულეს სპეციალური გამოკვლევა დაადგენს. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია. შესაძლოა, რუნი საშაბათო მატჩში დავასვენო კიდეც, “ბაიერნთან” კი აუცილებლად ითამაშებს (შკყპორტს-ის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუნის გაცილებით მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა).

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094