ქართული გოლი გავიდა ლიტვაში, კერძოდ, მეორე ტურში “გრანიტასმა” შინ “ატლანტასთან” 2:2 ითამაშა და მასპინძელთა ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა შეაგდო: 71-ე წუთზე ალავერდაშვილი აწვდიდა თუ კარში ურტყამდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბურთი კარში ჩაეშვა და მეკარემაც ცუდად ითამაშა.
“გრანიტასში” ალავერდაშვილის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა: თამაზ ჩარგეიშვილმა.
რუსეთის პრემიერლიგაში ჯანო ანანიძისა და ალეკო ამისულაშვილის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. “როსტოვმა” გასვლაზე 2:0 აჯობა “კრილიას”. ერთი გოლი ჯანო ანანიძის პასის შემდეგ გავიდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში გახლდათ და 88-ე წუთზე შეცვალეს. ამისულაშვილმა კი შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, “როსტოვი” მერვე ადგილზეა, “კრილია” – მეთერთმეტეზე.
თურქეთში შოთა არველაძის “ქასიმფაშა” განაგრძობს წარუმატებელ თამაშს. ამჯერად შინ 1:2 წააგო “გენჩლერთან” და მეექვსე ადგილზეა. სუპერლიგის ბოლო 13 მატჩში, “ქასიმფაშას” მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.