მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაძაბულობის პიკს აღწევს. ვნახეთ სენსაციები, სუპერ-სენსაციები და დიდი ალბათობით, მუნდიალზე ისეთ ნაკრებებსაც ვიხილავთ, რომლებიც ამ უდიდეს ფორუმს დააჭაშნიკებენ.
აქ სწორედ ნაკრებ-აღმოჩენებზე გვექნება საუბარი. მათზე, რომლებიც ბრაზილიისკენ მიმავალ გზას ხედავენ. 32-ივე ნაკრების სია 20 ნოემბერს გახდება ცნობილი. …
1. ეთიოპია. ეს ქვეყანა ერთ დროს აფრიკის ჩემპიონი გახდა (1962 წელს), თუმცა კარგა ხანს არ ჩანდა საფეხბურთო რუკაზე. 1992 წელს ეთიპოიელებმა ამხანაგურში 0:13 წააგეს ერაყთან და ქვეყნის მთავრობამ... ნაკრები გააუქმა. მიზეზი? ფეხბურთს ჩვენთვის სირცხვილის მეტი არაფერი მოაქვსო. მალევე აღადგინეს, მაგრამ ეთიოპია პირველ საკვალიფიკაციო ეტაპსაც ვერ გადიოდა, ახლა კი...
ახლა სამხრეთ აფრიკა ჩატოვეს ჯგუფში. 6 მატჩში 13 ქულა აიღეს, გადამწყვეტი თამაში კი "ბაფანა-ბაფანასთან" 16 ივნისს ჰქონდათ და შინ 2:1 დაამარცხეს. ეთიოპიის ნაკრების საბაზო გუნდი, ფაქტობრივად, "სენტ ჯორჯია" – სასტარტოს 11 კაციდან, საშუალოდ 6-7კაცი ამ გუნდიდანაა.
თუმცა საუკეთესო ფეხბურთელები უცხოეთში ჰყავთ: "ლიერსის" 24 წლის ფორვარდი სალადინ საიდი და არაბული "ალ-იტიჰადის" ნახევარმცველი შიმელის ბეკელე.
და მაინც, 10 ნაკრებს შორის, რომლებიც 16 სექტემბერს დაწყვილდებიან, ეთიპოია ყველაზე სუსტია. კაბო-ვერდე უფრო ძლიერი გუნდი ჩანს.
2. ბურკინა-ფასო. მათ ჯგუფში ჩატოვეს კონგო, გაბონი და ნიგერი. ბოლო ტურამდე, კონგო ლიდერობდა, მაგრამ ნიგერში ვერ მოიგო (2:2) და პირველობა ბელგიელი პოლ პუტის გაწვრთნილ ბურკინა-ფასოს დარჩა.
რას წარმოადგენს ეს ნაკრები? მათი უდიდეს შედეგს წლეულს მიაღწიეს, როცა აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდნენ და ნიგერიასთან 0:1 წააგეს. მათ მეოთხედფინალში ტოგო, ნახევარფინალში განა გამოთიშეს. 1998 წელს, ასევე აფრიკის ერთა თასზე ნახევარფინალში გავიდნენ. ესაა და ეს – სხვა მხრივ, ბურკინა-ფასოს არასოდეს გაუბრწყინია.
ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელებზე: არისტიდე ბანსე ("ფორტუნა"), მუმუნი დაგანო (ყატარის "ალ-საილია"), ჩარლზ კაბორე ("ყუბანი"), ჯონათან პიტროიპა ("რენი"), ბაქარი კონე ("ლიონი"), ალან ტრაორე (“ლორიანი").
ბურკინა-ფასო აფრიკის დასავლეთშია და საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა. ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო სახელი ბურკინა-ფასო ასე ითარგმნება – "ღირსეულ ხალხთა ქვეყანა".
3. ბოსნია. ძალიან ახლოსაა სანუკვარ მიზანთან. თავად განსაჯეთ, 11 ოქტომბერს შინ ლიხტენშტაინს შეხვდებიან, ხოლო 4 დღეში ლიტვაში ჩაატარებენ ბოლო მატჩს. ორივეს თუ მოიგებენ (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), ბრაზილის საგზურს მიიღებენ. ბოსნიასა და საბერძნეთს 19-19 ქულა აქვთ ჯგუფში, მაგრამ ბოსნია ლიდერია – მათ ელინელებს შინ 3:0 მოუგეს და სტუმრად 0:0 ითამაშეს, ასე რომ, სადავეები ექს-იუგოსლავიელების ხელშია.
"დრაკონები" (ასე ეძახიან სამშობლოში) აქამდე ორჯერ ყოფილან დიდი ტურნირის მიჯნაზე, მაგრამ ორივეჯერ პორტუგალიამ გაამწარათ ფლეი-ოფში. ახლა კი, დიდი შანსია, ფლეი-ოფი არ დასჭირდეთ.
ედინ ჯეკო, ვედად იბიშევიჩი, მირალემ პიანიჩი, სენად ლულიჩი, ემირ სპაჰიჩი, სენიად იბრიჩიჩი – ამ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს რატომაც არ ესაქმება ბრაზილიაში?
ბოსნია ტერიტორიით და მოსახლეობითაც საქართველოზე ოდნავ პატარაა. ომი, ნგრევა, ეკონომიკური სიდუხჭირე ამ ქვეყნისთვის უცხო არაა. სუსტი ჩემპიონატი აქვთ, მაგრამ ტალანტების სამჭედლოა.
4. ისლანდია. ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველზე ვეღარ გავა, რადგან შვეიცარიას თითქმის განაღდებული აქვს. ჩრდილოელებს დარჩათ საშინაო მატჩი კვიპროსთან და გასვლა ნორვეგიაში. აი, სწორედ ოსლოს თამაში გაარკვევს ბევრ რამეს. ამ ჯგუფში ასევე იბრძვიან სლოვენია და ასე თუ ისე, ალბანეთიც (თუმცა, ნაკლებად).
ისე, ისლანდიელები გასვლაზე უკეთ თამაშობენ: მოუგეს სლოვენიასა და ალბანეთს, ხოლო შვეიცარიაში 4:4 ითამაშეს. გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი ("ტოტენჰემი"), ხოლო შვეიცარიაში საუკეთესო იყო "ალკმაარის" შუახაზელი იოჰან გუდმუნდსონი, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.
გუნდს ჰყავს ეინურ გუნარსონი "კარდიფიდან", კოლბეინ სიგპორსონი "აიაქსიდან" და ჯერ კიდევ თამაშობს ისლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი – ეიდურ გუდიონსონი, რომელიც "ბრიუგეშია".
მოსახლეობა? 325 000. ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშია. N
5. ჩერნოგორია. ისინი მესამე შესარჩევს თამაშობენ. წინა, მეორე ცდაზე ჯგუფში მეორზე გავიდნენ და ჩეხეთს ვერ აჯობეს ფლეი-ოფში, ამჯერად კი მართლაც შთამბეჭდავად დაიწყეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე მატჩი ჩააგდეს და უკრაინა დაეწია.
ექს-იუგოსლავიელები 11 ოქტომბერს ინგლისში ითამაშებენ, ხოლო 15 ოქტომბერს მოლდოვას უმასპინძლებენ. ინგლისი – 16 ქულა, უკრაინა – 15, ჩერნოგორია – 15, პოლონეთი – 13. ასე რომ, 4 ნაკრები იბრძვის.
სერბეთისგან გამოყოფილი ჩერნოგორია პატარა ქვეყანაა – 625 000 მოსახლით. სტეფან იოვეტიჩი, მირკო ვუჩინიჩი არიან ბრანკო ბრნოვიჩის გუნდის მთავარი იმედები. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობენ.
6. იორდანია. მათ მეხუთე ადგილი დაიკავეს აზიის ზონაში. მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკეთს პენალტებით სძლიეს (1:1, 1:1 და პენალტებით 7:6). იორდანიამ მანამდე ჯგუფში იაპონიას აგემა ერთადერთი მარცხი, მაგრამ მათაც ჩამორჩა და ავსტრალიასაც.
იორდანიის ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპაში თამაშობს: ფორვარდი ტაჰერ ბავაბი რუმინული "გაზ მეთანიდან".
და მაინც, აქამდე მისვლის მიუხედავად, ჰოსამ ჰასანის გაწვრთნილებს ბრაზილიაში წასვლის დიდი შანსი არ აქვთ. ისინი ფლეი-ოფში შეხვდებიან 9-გუნდიანი სამხრეთამერიკული ზონის მეხუთე ნაკრებს და თავად განსაჯეთ, რა პერსპექტივა ელით ჩილეს, ურუგვაის, ეკვადორის, ან ვენესუელას წინააღმდეგ.
7. პანამა. წარმოიდგინეთ, მექსიკასა და პანამას შესარჩევის დასრულებამდე 2 ტურით ადრე თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ – 8-8. წარსულში ცნობილი პანამელი ფორვარდი დელი ვალდესი წვრთნის ქვეყნის ნაკრებს და შესაშურ შედეგს მიაღწია: წლეულს კონკაკაფის თასის ფინალში გავიდა, ორი წლის წინათ მესამე ადგილი დაიკავა.
შესარჩევს რაც შეეხება, 6 ნაკრებიდან 3 საუკეთესო გადის ფინალურ ეტაპზე - აშშ და კოსტა-რიკა უკვე გავიდნენ, მათ კიდევ ერთი შეუერთდება: ჰონდურასი, მექსიკა, ან პანამა. მეოთხეადგილოსანი ახალ ზელანდიას შეხვდება ფლეი-ოფში. ასე რომ, პანამას შანსი აქვს – დიდი არა, რადგან ბოლო ორ ტურში ჯერ მექსიკას სტუმრობს, შემდეგ კი აშშ-ს მასპინძლობს.
მოკლედ, პანამას მექსიკის საშინელი თამაშის წყალობით მიეცა შანსი. მექსიკა – რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ზოგადად საუკეთესოა, ამ შესარჩევში ცეცხლს ეთამაშება.
პანამელი ფეხბურთელები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში არიან გაბნეულნი. ნაკრების ლიდერია 32 წლის ფორვარდი ბლას პერესი, რომელიც ამერიკულ "დალასში" თამაშობს. გამოირჩევიან უნგრული "ჰონვედის”' ნახევარმცველი ანიბალ გოდოი და ამერიკული "კოლორადო რაპიდსის" თავდამსხმელი გაბრიელ გომესიც.
პანამაში 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ტერიტორიით მსოფლიოში ასეულშიც არ შედის.
კიდევ შეიძლებოდა ჩამოთვლა ისეთი ნაკრებებისა, რომლებიც მუნდიალზე არ ყოფილან: სომხეთი, ალბანეთი და ვენესუელა, თუმცა, მათ შანსს მიზერული ჰქვია. აი, საქართველოს ნაკრებზე კი რა გითხრათ – ჩვენ, როგორც წესი, სექტემბრის შუაში მიზერული შანსიც არ გვრჩება. ან სექტემბრამდე ვინ გვიცდის...