ფეხბურთი

17:42 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

აღმასკომმა “გურიას” ხელმძღვანელობას 10-დღიანი ვადა მისცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ლანჩხუთის “გურიას” ხელმძღვანელობას ფეხბურთელების დავალიანების გასასტუმრებლად 10-დღიანი ვადა მისცა.

“გურიას” ფეხბურთელებმა ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართეს და მათი უფლებების დაცვა სთხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ კლუბს მოთამაშეების მიმართ დიდი ვალი დაუგროვდა და 4-5 თვე ხელფასი არ მიუღიათ. ვითარების არგამოსწორების შემთხვევაში ლანჩხუთელი ფეხბურთელები თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და გაფიცვას აპირებენ. კონკრეტულად, ისინი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშზე არ გავლენ.

სამშაბათს, აღმასკომის სხდომაზე ძირითადი სამსჯელო სწორედ ეს საკითხი იყო. შედეგად, აღმასკომის წევრებმა შეიმუშავეს წერილი, რომელსაც “გურიას” ხელმძღვანელობას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რაიონის გამგებელს გაუგზავნიან. წერილში ნათქვამია, რომ კლუბს ვალის გასასტუმრებლად 10-დღიანი ვადა ეძლევა, წინაარმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები და საქმე შესაძლოა იქამდეც მივიდეს, რომ “გურია” გათამაშებიდან მოხსნან.

აღმასკომის სხდომის მერე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა, რომ ფიფა-უეფას კანონმდებლობა მის ორგანიზაციას ფეხბურთელების უფლებების დაცვას ავალდებულებს. სიჭინავას თქმით, ძალიან საწყენია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში მსგავსი ვითარებაა შექმნილი. მან ხაზი გაუსვა, რომ “გურიას” მიმართ სიტყვა “თუ” არ უნდა არსებობდეს.

“გურიას” საკითხის განხილვის გარდა, აღმასკომმა სალიცენზიო კომიტეტის შემადგენლობა ხელახლა დაამტკიცა.

ამასთანავე, ფეხბურთის ფედერაციამ აღმასკომს 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარების წინადადებით მიმართა. ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი და გენერალური სამდივნო ხსენებულ ჩემპიონატის პროექტს მოამზადებს და განსახილველად აღმასკომს წარუდგენს. მისი დამტკიცების შემთხვევაში არაა გამორიცხული 20-წლამდელთა პირველობა მომავალი სეზონიდან გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატის ჩატარების საორგანიზაციო ხარჯებს საკუთარ თავზე მთლიანად ფედერაცია აიღებს.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119515