ნამდვილად არ ცდებოდა ლეგენდარული ბრაზილიელი მწვრთნელი მარიო ზაგალო, როდესაც ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფორვარდზე, ადრიანოზე ამბობდა, რომ ამ ბიჭს პრობლემები ფეხებში კი არა, თავში აქვსო. ”იმპერატორად” სახელდებულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ცოტა ხნის კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი გამოსწორება არასოდეს იქნება!
ამჟამად ბრაზილიურ ”კორინთიანსში” მოთამაშე ადრიანომ, რომელიც, რასაკვირველია, ტრადიციულად მთვრალი იყო, საკუთარ ავტომობილში იარაღი მეგობარ გოგონას ესროლა და მისი სატრფო მხოლოდ იღბალმა გადაარჩინა სიკვდილს. ფეხბურთელიც და მის მიერ ფეხში დაჭრილი გოგონაც ამბობენ, რომ ადრიანოს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და მას გოგონას მოკვლა არც უფიქრია, მაგრამ იარაღის გასროლის ფაქტს ორივე ადასტურებს.
როგორც გაირკვა, ავტომობილის უკანა სავარძელზე სატრფოსთან ერთად განცხრობით მჯდომი ადრიანო იარაღს უშნოდ ატრიალებდა ხელში და სასხლეტზე თითი როგორ გამოეკრა, თავადაც ვერ გაიგო. დააკმაყოფილებს თუ არა ბრაზილიის პოლიციას ადრიანოს ეს ვერსია, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.







