28 წლის გიორგი ადამიას მყარად აქვს გადაწყვეტილი აზერბაიჯანის დატოვება და კარიერის ევროპაში გაგრძელება. მან ჩვენს მეზობელ ქვეყანას მას შემდეგ მიაშურა, რაც თბილისის “ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში 2004 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გიორგიმ 2009 წლის დასაწყისამდე მხოლოდ ბაქოს “ნეფთჩის” ღირსება დაიცვა და “მენავთობეთა” რიგებში გამართულ 85 შეხვედრაში 29 გოლის გატანა შეძლო. ერთხელ (2005) ადამია აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი ვიცე-ჩემპიონი (2007). “ნეფთჩის” რიგებში მან თავი “თანამეგობრობის თასზეც” გამოიჩინა - იქაც თითოჯერ დსთ-ს ჩემპიონი (2006) და ვიცე-ჩემპიონი (2005) გახდა, თან 2005-ში გათამაშების საუკეთსო მეგოლეც შეიქნა.
“ბაკი”-ში გადასულმა 2009 წლის მაისში კიდევ ერთხელ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული. ბანკირთა გუნდში გიორგი ადამიას მიერ ჩატარებული მიმდინარე სეზონის ნახევარი ისეთი უხვგოლიანი ვერ გამოდგა, როგორიც “ნეფთჩი”-ში. თურქი მწვრთნელი ქართველ ფორვარდს მარცხენა ნახევარმცველის ადგილზე ათამაშებდა. საბოლოოდ ორი ქვეყნის 3-გზის ჩემპიონმა კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება გადაწყვიტა, რაზეც ფეხბურთელის აგენტი ინტენსიურად მუშაობს. რეალური ვარიანტის მოლოდინში მყოფ გიორგის ადამიას “მსოფლიო სპორტი” თბილისში დაუკავშირდა.
- გიორგი, აზერბაიჯანიდან წასვლას კარგა ხანია აპირებთ, მაგრამ საბოლოოდ ისევ ადგილზე დარჩენა გიწევს. “ბაკისთან” კავშირი მართლაც საბოლოოდ გაწყვიტეთ?
- კონტრაქტის ვადა გასული კი მქონდა, მაგრამ როცა შემოთავაზება მივიღე გაგრძელების თაობაზე, პირობებზე აღარ დავლაპარაკებივარ. მე თვითონაც, უკვე წამოსვლა მინდოდა და ძალიანაც თავი არ მომიკლია პირობებზე შესათანხმებლად კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
- საიდანაა ახალი გუნდის მოლოდინი?
- ზუსტად მეც არ ვიცი. ველოდები აგენტს, მან ამ დღეებში უნდა დამირეკოს კონკრეტული წინადადებით.
- ალბათ ევროპულ ვარიანტებზე მუშაობს ხომ აგენტი?
- დიახ, უფრო იქეთ მინდა. აზერბაიჯანში გვიან რომ წავიდნენ შესვენებაზე, ახალი ნორმალური გუნდის მოსაძებნად ძალიან ცოტა დრო იყო (“ბაკიმ” ბოლო თამაში 24 დეკემბერს ითამაშა - ფ.კ.) და თუ გამოვა რამე ამ პერიოდში, ჰო კაი, თუ არადა, ზაფხულში აუცილებლად წავალ.
- თუ ახლა არ გამოვიდა, ე.ი. კვლავ აზერბაიჯანში დარჩენას არ გამორიცხავთ?
- არც ესაა გამორიცხული. თუმცა, გითხრათ სიმართლე, აზერბაიჯანში არცერთ გუნდთან არ გვიწარმოებია მოლაპარაკებები.
- იქნებ საქართველოში დაბრუნება გეცადათ.
- მაქ უკვე არის ისეთი გუნდები, რომლებიც აზერბაიჯანულ პირობებს (ყველანაირს ვგულისხმობ) სთავაზობენ ფეხბურთელებს? (იცინის) სიმართლე გითხრათ, საქართველოს ვარიანტზე არც მიფიქრია.
- გიორგი, “ბაკიში” გადასული, მაისში ჩემპიონი კი გახდით, მაგრამ ახალი სეზონიდან ისე ვეღარ თამაშობდით, როგორც გულშემატკივარი ელოდა - გოლები არ ჩანდა, როგორც “ნეფტჩიში”.
- მწვრთნელმა ამპლუა შემიცვალა და თავდამსხმელის ნაცვლად მარცხენა ნახევარმცველად მათამაშებდა და გოლების რეგულარულად გატანა ცოტა ძნელი იყო. მქონდა მომენტები, მაგრამ დასკვნით სტადიაში აღარ მიმართლებდა. ახალ სეზონში ერთი მატჩის გარდა ყველა (ე.ი. 16) ვითამაშე. თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხაჯიევსკიმ ახალი სეზონისთვის თითქმის ნახევარი გუნდი შეცვალა. სანამ ახლებთან შეთამაშებას მოვასწრებდი, სულ მალე მწვრთნელიც შეიცვალა - მაკედონიელი თურქმა ბიულენტ კორკმაზმა შეცვალა. მოკლედ, ნახევარი სეზონი გუნდის ინტერესებზე მორგებას მოვანდომე.
- თქვენზე მეტად, უფრო ამირან მუჯირი დაზარალდა - მას თურქის ხელში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.
- თავიდან რამდენიმე თამაშში ზედიზედ დააყენა შემადგენლობაში, მაგრამ მერე რა მოხდა ვერ გეტყვით. მოგეხსენებათ, ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს და კორკმაზის თავისებური ხედვის გამო, ამირანი იძულებული გახდა გუნდი გამოეცვალა (იგი ახლა სუმგაითის “სტანდარტის” წევრია - ფ.კ.).
- არადა, თანამეგობრობის თასზე “ბაკის” შემადგენლობაშიც შეგეძლოთ თამაში.
- დიახ, მანამდე ორჯერ ბაქოს “ნეფთჩისთან” ერთად მომეცა ასეთი შანსი. სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანში უკვე 5 წელი მაქვს ნათამაშევი და დროა ჩემპიონატი გამოვიცვალო. განწყობა მაქვს ისეთი, თუ ყველა შანსს არ დავკარგავ სხვა ქვეყანაში გადასვლისას, იქ გამჩერებელი აღარ ვარ.
ფრიდონ კერვალიშვილი







