აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა ExtraTime.az-თან საუბარში, გიორგი ადამიამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ბაქოს “ინტერიდან” გაშვება მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა.
“ამის შესახებ წინასწარ მაცნობეს და ამიტომ, არავითარი შოკი არ მქონია. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დავბრუნდი და ტრავმას ვმკურნალობ. უახლოეს დღეებში გერმანიაში წავალ, სადაც ოპერაცია გავიკეთე, ექიმს შევხვდები და სამედიცინო შემოწმებას გავივლი. ამის შემდეგ, ცნობილი გახდება რეაბილიტაციას რამდენი ხანი დაჭირდება.
სხვა გუნდებისგან შემოთავაზება არ მიმიღია. მათი განხილვისთვის მზად არც ვარ. უფრო მეტად ტრავმა მანერვიულებს, რომელიც უნდა მოვირჩინო. ამის შემდეგ, ახალი კლუბის ძიებას დავიწყებ. “ინტერს” ნორმალურად დავშორდი, არავითარი პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, ცხადაძესთან შეხვედრა და ნორმალურად საუბარი ვერ მოვახერხე. უახლოეს ხანში, საქართველოში ისიც უნდა დაბრუნდეს და ვფიქრობ, ადგილზე ყველაფერს განვიხილავთ” – განაცხადა ადამიამ, რომელიც “ინტერიდან” წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.