ინგლისელი ფეხბურთელი აარონ ლენონი ბევრს კი იქადნებოდა, რომ თავის საყვარელს, მსახიობ დანიელა მესონს ღალატს არ აპატიებდა, მაგრამ აარონი ერთობ მიმტევებელი ადამიანი გამოდგა და მოღალატე გულისსწორს მაინც შეურიგდა. დაახლოებით ორი თვის წინ, დანიელამ ფეხბურთელი ერთ-ერთ ინგლისელ რეჟისორში გაცვალა და მთელი ორი თვე მასთან ერთად გაატარა, თუმცა...
აარონ ლენონი და მშვენიერი დანიელა მესონი დღეს ისევ ერთად ცხოვრობენ და არცერთს არ სურს საუბარი წარსულ შეცდომებზე. უფრო მეტიც – აარონ ლენონი ამბობს, რომ მას თავისი სატრფო ადრინდელზე უფრო მეტი მხურვალებით უყვარს და ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი სიყვარული სწორედ ამ ქალთან განიცადა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დანიელა მესონის სამსახიობო კარიერა მაინცდამაინც კარგად ვერ აეწყო. ჯერ იყო და, კინოკომპანიამ სრულიად ბუნდოვანი მიზეზებით შარშან დადებული კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის შემდეგ კი, შეაჩერეს იმ სერიალის გადაღება, სადაც მესონი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. თუმცა, როგორც ხედავთ, აარონ ლენონს დანიელას კარიერა დიდად არ ანაღვლებს.







