ჭადრაკი

18:10 | 9.01.2015 | ნანახია 1989 - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “ჭადრაკის დაფინანსებით სხვა ფედერაციები არ დაზარალდებიან”

9 იანვარს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკში საქართველოს ვაჟთა 74-ე და ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის გახსნა და კენჭისყრა შედგა, რომელსაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ქალთა ტურნირი ერთ წრედ, ხოლო ვაჟთა ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. ვაჟთა წყვილებში სპორტსმენები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან. ერთით ერთის შემთხვევაში გამარჯვებულის ვინაობა მოკლე პარტიების ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ორივე ჩემპიონატი საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკეების ბაადურ ჯობავასა და ნანა ძაგნიძის გარეშე ჩაივლის. ჯობავა ჰოლანდიური ვეიკ-ან-ზეს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს, რომელიც დღეს დაიწყო, რაც შეეხება ძაგნიძეს, ის ორსულადაა და მალე ბავშვს ელოდება. ორივე ტურნირი 10 იანვარს, 15 საათზე დაიწყება. ქალები და ვაჟები ასპარეზობას, შესაბამისად, 19 და 23 იანვარს დაასრულებენ.

კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ქალებს შემდეგი ნომრები ერგოთ:

1 ნომერი – ანა კუჭავა

2 – მერი არაბიძე

3 – მერი ჟორჟოლიანი

4 – ბელა ხოტენაშვილი

5 – ნინო ხურციძე

6 – სალომე მელია

7 – ლელა ჯავახიშვილი

8 – ალექსანდრა ვახანია

9 – ნინო ბაციაშვილი

10 – სოფო გვეტაძე

პირველ ტურში ერთმანეთს ხვდებიან:

კუჭავა – გვეტაძე

არაბიძე – ბაციაშვილი

ჟორჟოლიანი – ვახანია

ხოტენაშვილი – ჯავახიშვილი

ხურციძე – მელია

ჭადრაკის მოყვარულები უთუოდ შეამჩნევდნენ, რომ კენჭისყრამ პირველ ტურში მოჭადრაკეები ერთმანეთში სიძლიერის მიხედვით დააწყვილა.

მერვედფინალში ვაჟები, რეიტინგიდან გამომდინარე ასე დაწყვილდნენ:

მიხეილ მჭედლიშვილი 2587 ქულა – ზვიად ფაცია 2204

დავით ჯოჯუა 2585 – ნიკოლოზ ჩხაიძე 2226

ლევან ფანცულაია 2583 –ბაჩანა მორჩიაშვილი 2326

მერაბ გაგუნაშვილი 2579 – ივერი ჭიღლაძე 2337

ლუკა პაიჭაძე 2561 – გიორგი სიბაშვილი 2361

კონსტანტინე შანავა 2528 – დავით ბენიძე 2473

დავით მაღალაშვილი 2516 – გიგა ყუფარაძე 2485

თორნიკე სანიკიძე 2508 – შოთა აზალაძე 2503

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჭადრაკის განვითარების (2015-18 წწ) სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის განსახორციელებლადაც 38,5 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზმაიფარაშვილმა და გიორგაძემ მასმედიის კითხვებს უპასუხეს.

- ბატონო ზურაბ, მაშინ, როდესაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიური ფონდი 70 მილიონ ლარს შეადგენს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მარტო ჭადრაკისათვის 40 მილიონამდე ლარის გამოყოფა?

- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის თანხა, რაც ჭადრაკის ფედერაციას გამოუყვეს, 4 წელზეა გათვლილი. აქედან 33 მილიონი 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადასა და ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას მოხმარდება, რომელსაც საქართველო 2017 წელს უმასპინძლებს. მხოლოდ 5 მილიონნახევარი ლარია დაგეგმილი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე.

- ჭადრაკის ფედერაციისთვის გამოყოფილი ამდენი თანხის შემდეგ საქართველოში სპორტის სხვა სახეობები ხომ არ დაზარალდებიან?

- ჭადრაკი საქართველოს ათ პრიორიტეტულ სპორტის სახეობათა შორის მოხვდა. მადლობა ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. დაფინანსების გაზრდა სპორტის სხვა სახეობებზეც არის დაგეგმილი და არავინ დაზარალდება.

- ბატონო გიორგი, წინა წლებში როგორი დაფინანსება ჰქონდა თქვენს ფედერაციას?

- აქამდე ყოველწლიურად გვაფინანსებდა სახელმწიფო და ზუსტად ვერ გეტყვით, ოთხი წლის განმავლობაში მთლიანობაში რამდენი იყო.

- 2014 წელს რამდენი იყო ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსება?

- 600 000 ლარი.

- ძირითადად რაში აპირებთ გამოყოფილი თანხის დახარჯვას?

- 30 მილიონზე მეტი ლარი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებას მოხმარდება. ოლიმპიადაზე 180 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელს ველოდებით. აღნიშნული ტურნირების გარდა დაგეგმილი გვაქვს ვუმასპინძლოთ ვაჟთა (2015) და ქალთა (2016) შორის მსოფლიო გრან-პრის გათამაშების ეტაპებს, 2015 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს ქალთა შორის, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს (2016) და უამრავ ტურნირს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვაპირებთ დიდი ყურადღება დავუთმოთ საქართველოში საკლუბო ჩემპიონატის და ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ჭადრაკის კიდევ უფრო განვითრებას. საქართველო მსოფლიოში წამყვანი საჭადრაკო ქვეყანაა და პოზიციები არ უნდა დავთმოთ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:16 | 09.01.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ქართულ ჭადრაკს

19:05 | 09.01.2015
პანტელეიმონი (4347)

ღმერთმა ხელი მოგიმართოდ.

0.199711