ფეხბურთი

19:31 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიასთვის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში “რუბინის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ ბელგიის “გენკის” ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილსა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შუახაზელ ჯაბა კანკავას აჯობა. რესტორან “ქალაქურის” საპრესკონფერენციო დარბაზში გამარჯვებულს პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა. კვირკველიამ აღნიშნა, რომ ამ აღიარებას არ ელოდა და საუკეთესოდ არჩევისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. საუკეთესო ლეგიონერის ტიტულს კვირკველიას ოქრიაშვილი და კანკავა ეცილებოდნენ. საუკეთესო ლეგიონერის პრიზი კვირკველიას ფედერაციიის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ გადასცა.

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის სახელის მოპოვების კონკურენციისას ესპანელმა ჩისკომ “ზესტაფონის” ექსფორვარდი ჯაბა დვალი და გორის “დილას” თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე უკან მოიტოვა. ჩისკოს არყოფნის გამო პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავასგან თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ ჩაიბარა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა ბელგიის “გენკის” ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას და რუსთავის “მეტალურგის” შუახაზელ ოთარ ქიტეიშვილს აჯობა. გამარჯვებულს პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ პაპუნაშვილს კარგი მომავალი აქვს და სამომავლოდ შეუძლია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს. თავად გამარჯვებულმა თქვა, რომ პრიზის მიღებით ბედნიერია და “დინამოს” მადლობა გადაუხადა.

ფეხბურთის ფედერაციის ნომინანტთა დაჯილდოების გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმიც აჩვენეს, რომელშიც 2014 წელს ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო აისახა.

0.230779