“ზუგდიდის” შემდეგ, ფოთის “კოლხეთი” საქართველოს საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მეორე გუნდია, რომელმაც მეორე წრისთვის მზადება უკვე დაიწყო. ოთხშაბათს მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ფეხბურთელები შეკრიბა და ფოთის სპორტდარბაზში ავარჯიშა. “კოლხეთი” 30 დეკემბრამდე ივარჯიშებს, შემდეგ საახალწლოდ დაისვენებს და 5 იანვარს კვლავ შეიკრიბება.
ამ დარბაზის შემხედვარე ქართული ფეხბურთის სავალალო ყოფა სულ არ უნდა გაგიკვირდეს. უფრო ცუდი ისაა, რომ ზოგიერთ გუნდს ამის საშუალებაც არ აქვს. “კოლხეთის” სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია. ყოფილი ხელისუფლების დროს არენის რეკონსტრუქცია წამოიწყეს, რომელსაც თავი ვეღარ მოაბეს და ჯერჯერობით არც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს შეცვლილა საქმე სასიკეთოდ.