ფეხბურთი

19:10 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “მწვრთნელისთვის კარგი სამუშაოს მოძებნა რთულია”

თბილისის “დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უმცროსმა დუშან უჰრინმა, რომელიც მინსკის “დინამოში” იმუშავებს, ჩეხურ ინტერნეტპრტალ iDnes.cz-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსული კლუბი ერთი წლის წინ ეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინ არჩევანი პლზენის “ვიქტორიაზე” შეაჩერა.

- მინსკის “დინამო” რატომ აირჩიეთ?

- მინსკში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მეძახდნენ, მაგრამ მაშინ პლზენის “ვიქტორია” ავირჩიე.

- ახალ კლუბზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- იმან რაც ვნახე, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მინსკი სუფთა ქალაქია. კლუბს ორი საწვრთნელი მოედანი, ბაზა და სასტუმრო აქვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ორ შეკრებას თურქეთში გავივლით.

- შემოდგომაზე რას აკეთებდით?

- სიმართლე რომ გითხრათ, ფეხბურთის გარეშე მოწყენილი ვარ. თვეზე მეტი საზღვარგარეთ გავატარე. შემდეგ, სამუშაოს თაობაზე რამდენიმე წინადადებით მომმართეს.

- საიდან?

- ყატარიდან და თურქული “ქონიასფორიდან”, მაგრამ იქ საბოლოოდ სხვა სპეციალისტები აირჩიეს. კიდევ ერთი წინადადება რუმინული “ბრაშოვიდან” მქონდა, მაგრამ იქ ჩასულმა, ამ ვარიანტზე უარი თავად ვთქვი.

- ჩეხეთიდან წინადადებები არ გქონდათ?

- ჩეხეთიდან არა, მაგრამ თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, ეს უბრალოდ სპეკულაციაა.

- რუმინეთი, კვიპროსი, საქართველო, ბელარუსი...ეგზოტიკას ეძებთ?

- სინამდვილეში მწვრთნელისთვის კარგი სამუშაოს მოძებნა რთულია. მნიშვნელობა არ აქვს სად, რადგან მწვრთნელები ბევრია, ხოლო სამუშაო ადგილები ცოტა. მიხარია, რომ ბელარუსში მიმიწვიეს. ჩეხეთში რატომ არ ვმუშაობ? არა მგონია, რომ ადგილობრივ კლუბებს ძვირი დავუჯდე.

- ბელარუსში გაზაფხული-შემოდგომა სისტემით თამაშობენ. თქვენთვის ეს პრობლემაა?

- არა. კვიპროსზე როდესაც ვმუშაობდი, მთელი ზამთარი ვთამაშობდით. ახლა შესვენების გარეშე მთელი ზაფხული ვითამაშებთ. საფუძვლიანი წინასასეზონო მომზადებაა საჭირო, რომ ამ ტემპს გავუძლოთ.

- ბოლო 10 წლის განმავლობაში “დინამო” ბატე-სთან და სოლიგორსკის “შახტიორთან” ყოველთვის აგებდა, ხოლო ბოლოს ჩემპიონი 2004 წელს გახდა. როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციას შეცვლით?

- კლუბის მეპატრონეს ტიტულის მოპოვება ძალიან სურს. ვნახოთ რა გამოვა, მაგრამ შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო და ვიცი რომელი მოთამაშეები მჭირდება.

- -ჩეხეთის ლიგიდან?

- მათ შორის.

- ჩეხ ასისტენტს წაიყვანთ?

- სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვინ იქნება.

- კიდევ ვინ დაგეხმარებათ?

- ერთი თანაშემწე ადგილობრივი იქნება, ხოლო კიდევ ერთი – სერბი. მეკარეების მწვრთნელად რუმინელ დრაგოშ პიკუს მივიწვევ, რომელთან ერთად თბილისის “დინამოსა” და “ვიქტორიაში” მიმუშავია. სეზონისთვის მზადებას 19 იანვარს დავიწყებთ, ხოლო მინსკში ორი დღით ადრე ჩავალ.

- ოჯახი თქვენთან ერთად ბელარუსში იქნება?

- თავდაპირველად იქ მარტო ვიქნები, ხოლო ოჯახი ჩამოვა ხოლმე. პრაღიდან საათნახევარია საფრენი, უფრო ახლოსაა ვიდრე საქართველოდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064782